logo_geo
eng_logo
„დათა ახალაიასთვის ბრალდების წარდგენა მხოლოდ ამ ვიდეოფაილის საფუძველზე არ მომხდარა“
- +

21 სექტემბერი. 2016. 03:20



26 მაისს მომხდარი ამბავი ბევრმა ჟურნალისტმა გააშუქა, მაგრამ საქმეში არსებული არც ერთი ტელემასალა სხვა პირების იდენტიფიცირების საშუალებას არ იძლეოდა, - ამის შესახებ 26 მაისის საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა გადაცემა 2030-ში განაცხადა.


"დღეს გავრცელებული ახალი ვიდეოფაილის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა საშუალო და დაბალი რგოლის თანამდებობის პირთა იდენტიფიცირება და მათი როლების დადგენა. ეს არ იყო მომიტინგეთა დაშლის ოპერაცია, ეს მათი დარბევის და სამაგალითოდ დასჯის ღონისძიება იყო. რუსთაველზე არც ერთი გასასვლელი არ არსებობდა და მომიტინგეები განურჩევლად უნდა დაკავებულიყვნენ. ეს შეგვიძლია, დანამდვილებით ვთქვათ ვიდეოფაილზე დაყრდნობით და საქმეში მოპოვებული 250-ზე მეტი დაზარალებულის, თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა ჩვენების საფუძველზე", - განაცხადა პროკურორმა.


მისი თქმით, პროკურატურამ დღეს გავრცელებული ვიდეოფაილი რამდენიმე თვის წინ მოიპოვა და მყისიერი მოქმედებები განახორციელა.


"დათა ახალაიასთვის და კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ ბრალდების წარდგენა მხოლოდ ამ ვიდეოფაილის საფუძველზე არ მომხდარა. მას შემდეგ, რაც ვიდეოთი გაირკვა, რომ კუდ-ის თანამშრომლებს თავისუფლების მოედნის მიმდებარე მხარე გადაკეტილი ჰქონდათ და მომიტინგეებს განურჩევლად აკავებდნენ, დაიკითხა კუდ-ის თანამშრომლები და ამ ვიდეოში აღწერილი ფაქტები მოწმეთა ჩვენებებითაც დადასტურდა. საქმეში სხვა ვიდეომასალა და მოწმეთა ჩვენებებიც არსებობს, რომელიც აქამდეც არსებობდა. ეს ვიდეო რომ მანამდე გვქონოდა, ივანე მერაბიშვილის ბრალდების საქმეში საკმაოდ აქტიურად გამოვიყენებდით", - განაცხადა ტყეშელაშვილმა.


როგორც 26 მაისის საქმის პროკურორმა აღნიშნა, გამოძიება გრძელდება. ვიდეოფაილის ირგვლივ არა ერთი პირი იკითხება  და სხვა საგამოძიებო მოქმედებებიც ტარდება. თუ მტკიცებულებები შეიკრიბება და სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც გამოვლინდება, ყველა პირი პასუხისგებაში მიეცემა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner