ინჟინერი და მწერალი, 26 მაისის მოვლენების მონაწილე გიორგი ბერეჟიანი პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით 2011 წლის 26 მაისს მოვლენებს იხსენებს:
"ტალახიანი წყლით სავსე ორმოში წელამდე ვიყავი ჩაძირული, შავ ფორმიან ჯალათებს ვემალებოდი, კინო რუსთაველის გვერდზე მდებარე მშენებლობაზე. ჯალათები გაფაციცებულები დაძრწოდნენ სამშენებლო მოედანზე. ხან ერთ მხარეს ისმოდა მათი გინება, ადამიანების კივილი და ხანაც მეორე მხარეს. გამეტებით ცემდნენ დაჭერილებს და ერეკებოდნენ გასასვლელისაკენ. ქალებსაც არ ინდობდნენ. ჩემგან რამდენიმე მეტრში, ერთი ასაკოვანი კაცი გამოათრიეს ბეტონის ბლოკების უკნიდან, ორმა ჯალათმა. კაცი ეხვეწებოდა, "ნუ მირტყამთ, ყოფილი თანამშრომელი ვარ-ო". იქამდე ურტყეს თავში, სანამ არ მოკლეს საცოდავი. მერე მისი გვამი გაათრიეს რუსთაველზე, როგორც შემდგომ გაირკვა, ბურჯანაძის ესკორტს დააბრალეს მისი გატანა. ყოფილი ლეიბორისტის მეუღლე, ქმრის ცხედარს დასცქეროდა და მწარედ მოსთქვამდა, იმ დროს, როცა დათა ახალაიას ოჯახში, საკუთარი თანამოქალაქეების ცემისათვის და მოკვლისათვის, აღებულ პრემიას აღნიშნავდნენ. როლანდიმ ყანწი შეავსო:
-ჩემი ვაჟკაცის სადღეგრძელო მინდა დავლიო! ხომ არ გგონიათ ადვილია, დაიკიდო ღირსება, კაცობა, ადამიანობა და ცემო უიარაღო თანამოქალაქეები, რომელთა შორის არიან ქალები და მოხუცები?! რას იზამთ? არაა ადვილი ემსახურო სურენასნაირ მანიაკს, უკაცრავად სახელმწიფოს. შენ ნამდვილად დაიმსახურე ჩემო დათუჩია ის ექვსი ათას ექვსას სამოცდაექვსი ლარი, რომელიც სურენამ მოგცა, იმ სისხლის სანაცვლოდ, რომლითაც შეღებე რუსთაველი, შე დედამ...ლო, ნა...რო!", - წერს ბერეჟიანი.