logo_geo
eng_logo
„სააკაშვილმა მოგვიყვანა ამ მდგომარეობამდე, როცა ახალგორი გამოაცხადა ცხინვალის რეგიონად, კოდორი-ზემო აფხაზეთად“
- +

21 სექტემბერი. 2016. 03:37



საქართველოში რთველს პოლიტიკური დატვირთვა აქვს და მით უმეტეს, საარჩევნო წელს. ამ დროს პოლიტიკური ძალები აქტიურად ცდილობენ კახელი გლეხების გულის მოგებას, თავად ისინი კი, ვისაც მოსავლის სარგინად რეალიზაცია სურს, ხელისუფლებისკენ იყურებიან და მთავრობის მხრიდან სერიოზულ სუბსიდიას ელიან.


წლევანდელ პოლიკურ რთველს კი ცოტა უფრო მეტი დატვირთვა აქვს, რადგანაც ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ოდესის გუბერნატორის პოზიციიდან ამაყად განაცხადა, რომ ის საქართველოში ჩამოვა და თავის მამულში რთველს თავად ჩაატარებს. შესაბამისად, ნაციონალები და მათი მხარდამჭერები ელიან, როდის ჩამოვა სააკაშვილი ყვარელში ყურძნის დასაკრეფად.


„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია ფიქრობს, რომ სააკაშვილს შეუძლია საქართველოში ჩამოვიდეს, მაგრამ სანამ რთველში მივა, ჯერ ის პროცედურები უნდა გაიაროს, რაც მის მიმართ არის დადგენილი.


კარგად იცით, სააკაშვილის წინააღმდეგ სს საქმეა აღძრული. თუ ჩამოვა დააკავებენ. ალბათ მას თავისი მეგობრების მონახულება მოუწევს და საკნებში გადაძახილი. მოკლედ, ჩამოვა და დავაკავებთ. ეს არის ბუნებრივი", _ აცხადებს ქანთარია.


დამთავრდა თუ არა პოლიტიკურად პაატა ბურჭულაძე და გამოიწვევს თუ არა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა არეულობას? - ამ და სხვა საკითხების ირგვლივ გთავზობთ ინტერვიუს „ქართული ოცნების" წევრ, დეპუტატ ნუკრი ქანთარიასთან.


ბატონო ნუკრი, დღეს თქვენი პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან აქტიურად ხდება აპელირება იმაზე, რომ ხელისუფლებამ საგარეო კურსი შეიცვალა და რომ ევროინტეგრაცია და დასავლური კურსი ეჭვქვეშ დგას...


„სად ჩანს, რომ ხელისუფლებამ რუსული კურსი აირჩია?! ეს უკვე თითიდან გამოწოვილიც არ არის. ეს არის მაქინაციები, რაღაც ინტრიგები. დეკლარაციას ხელი ჩვენ მოვაწერეთ. ვიზალიბერალიზაციის პროცესი ალბათ უახლოეს ხანში მოვა სისრულეში. ყველა უცხოელი, მაღალი რანგის სტუმარი, ვინც საქართველოში ჩამოდის, ყველა აღნიშნავს, რომ სტაბილური ქვეყანა ხართ და კარგი ტემპით მიდიხართ, ისტერიკას არ ტეხთ, გინდა თუ არა აუციებლად ამ თვეში, ახლა შეგვიყვანეთ ნატოშიო. ვფიქრობ, პროცესი ნორმალურად მიდის, მშვიდად. ამავე დროს, ვცდილობთ მეზობელ რუსეთთან, რომელთანაც იოლი არ არის ურთიერთობის დალაგება, პოლიტიკური ტემპერატურა, მაქსიმალურად დაწეული იყოს. გვინდა, რომ დაძაბულობა არ იყოს, მიუხედავად იქედან წამოსული გარკვეული ინტრიგებისა - მავთულხლართების გადმოწევისა, ადგილობრივების გაყვანა-გამოყვანა, მოტაცებას რომ ვეძახით, რაც მგონი, ბიზნესად აქცია ცხინვალის მხარემ უკვე - ამის გარდა, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად დალაგდეს ურთიერთობები; უნდა გაღრმავდეს, ამას მოგვიწოდებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია თუ ჩვენი პარტნიორი ქვეყნები გვეუბნებიან, თქვენ ნუ გაამწვავებთ რუსეთთან ურთიერთობას. ეცადეთ, ამ ბეწვის ხიდზე მშვიდობიანი სვლა მოახერხოთ.


იმედი მაქვს, ეს მდგომარეობა გამყარდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვყავს ერთგვარი პრორუსული ძალები, მაგრამ ისინი პოლიტიკურ ამინდს ვერ შექმნიან. არის ხალხი, რომელიც გამოდის და იძახის, მე მინდა პუტინის მონა ვიყო! ამაზე ოცნებობს... არის კიდევ ხალხი, ვისაც უნდა, რომ საქართველოში რუსული სამხედრო ბაზები განთავსდეს. ასეთები ყველგან არიან. მაგრამ ისინი, დამერწმუნეთ, ამინდს ვერ შექმნიან. ვერც საზოგადოებრივ განწყობებს შექმნიან. უბლოკო სტატუსიც მხოლოდ წინასაარჩევნოდ გადმოგდებული სატყუარაა. რეალურად თვითონაც იციან, რომ ეს გამორიცხულია. ამან ქვეყანას არავითარი სარგებლობა არ შეიძლება მოუტანოს. ასე რომ, ვფიქრობ, კურსი, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია, ძალიან ნორმალურია. ხოლო ვისაც თავქუდმოგლეჯილი უნდა ევროპაში გიჟივით შევარდეს ყოველგვარი ფესვის გარეშე, შიშველ-ტიტველი, უნდა იცოდეს, რომ ევროპული ოჯახი ამას ასე არ მიიღებს".


კონფლიქტის ზონაში მცოცავი აგრესია, რისი შემთხვევებიც იყო და რომელიც ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლების მხრიდან არასათანადოდ იქნა რეაგირებული, არჩევნებზე ხმებს არ დაგაკარგვინებთ?


„სად არის მცოცავი აგრესია. სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მიგვიყვანა აი, ამ მდგომარეობამდე, როცა ახალგორი გამოაცხადა ცხინვალის რეგიონად, კოდორი - ზემო აფხაზეთად. დღეს ისინი სწორედ ამ არგუმენტებით მოქმედებენ, რომ ეს ტერიტორია მათ იურისდიქციაში უნდა შევიდეს. აი, ამიტომ ვართ ამ მდგომარეობაში. ეს არის სწორედ წინა ხელისუფლების მხრიდან გამოყოლილი და აქ მართლაც ურთულესი მდგომარეობაა. მაგრამ თუ შევადარებთ იმ ცეცხლს, აწიოკებას, დღეს მართლაც რომ სიმშვიდეა. საშინელი ფაქტი მოხდა და დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან ოთხოზორიას მკვლელი დაისჯება. ამ დანაშაულს ხანდაზმულობა არ აქვს. ბიზნესი აქვთ გახსნილი, კონფლიქტის ზონის სოფლების მაცხოვრებლები, რომლებიც ან შეშას ჭრიან ტყეში, ან საკუთარ ნაკვეთებში მუსაობენ, ისინი მიყავთ და გამოსასყიდის გადახდის მერე უშვებენ. ეს ძალიან ცუდია. ეს პრობლემაც როგორმე საერთაშორისო ორგანიზაცეიბთან ერთად გადავჭრათ. დღესდღეობით, ეს რეალობაა. ზოგიერთი პარტიის წარმომაფგენელი რომ გვიკიჟინებს, ჩვენ მავთულხლართებს გადავწევთ და ა.შ., ეს პროვოკაციაა.


რას იტყვით რესპუბლიკელების განცხადებებზე. განაწყენებულის პოზიციიდან საუბრობენ თუ ამ გზით გაჩვენებენოცნების" ლიდერებს, რომ მათ გარეშე პარლამენტში მუშაობა გაგიჭირდებათ.


„ვფიქრობ, რესპუბლიკელებმა რაღაც პერიოდი თავი ქუდში იგრძნეს და ეგონათ, რომ მუდმივად სასათბურე პირობებში იქნებოდნენ. მაგრამ ცხოვრება სხვანაირად წავიდა. აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება" კენჭს დამოუკიდებლად ვიყრით, რესპუბლიკური პარტია კი თავის თავის ამარა დარჩა. ხშირად მითქვამს და გავმეორდები: მე მგონი, მათ მოუნდათ თავის გამოჩენის, ელექტორატის მობილიზების თვალსაზრისით, რათა აინაზრაურონ ის პერიოდი, როცა დავუშვათ, სხვა პარტიები ოპოზიციაში იყვნენ და ისინი არ მალავდნენ თავის ოპოზიციურ განწყობებს, ელექტორატს. რესპუბლიკურ პარტიას ეს არ ჰქონდა. ამიტომ ახლა მოინდომეს ამ კომპენსაციის აღდგენა. ჩემი აზრით, ისინი საზღვრებს უკვე ხშირად ცდებიან.


ამავე დროს არცთუ იშვიათად არღვევენ კოლეგიალობას. ამით განსაკუთრებით რამდენიმე ადამიანი გამოირჩევა და უნდათ ენამწარეობით ყურადღების მიპყრობა; ზოგჯერ ისეთი ზღვარგადასული კრიტიკით, რომელიც თუა ასეა, მაშინ, პირველ რიგში, პასუხი მათაც მოეკითხებათ, რადგან ერთ კოალიციაში ვიყავით. იმის მაგივრად, რომ მათ ახლა აქედან თავის წილი სიკეთე აიღონ, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში ერტად გავაკეთეთ, ისინი ისე ლაპარაკობენ, თითქოს არც ხელისუფლებაში ყოფილან, არც პარლამენტში და არც პარლამენტს ყოლია რესპუბლიკელი თავმჯდომარე. ეს პოზიცია, ვფიქრობ, ამომრჩეველს უფრო აბნევს და ღიზიანებს მათ მიმართ. სიმართლე უნდა ითქვას, საყოველთაო სახალხო მხარდაჭერა არასდროს ჰქონიათ. იყო პარტიები, რომლებიც საყოველთაო მხარდაჭერით სარგებლობდნენ, მერე ქრებოდნენ. ამათ ასეთი მხარდაჭერა არ ჰქონიათ. ყოველთვის იყო არასამთავრობო სექტორის მსგავსი სახის პარტია. მგონი, ახლაც ამ მდგომარეობაშია".


დანაკარგში არ იქნებით რესპუბლიკელების გარეშე?


„არა მგონია. საერთოდ, ადამიანურად, როცა კოალიციები იშლებიან, ამას მიაქვს რაღაც ისეთი, რაც კარგია. პოლიტიკური ცხოვრებაა და კარგად იციან, რომ არც არავის ვუმტრობთ და კარგად იციან, რომ კონკურენტებად არ ვთვლით. თუ რესპუბლიკელები ბარიერს გადალახავენ, კი ბატონო, მივესალმებით. ყველა პარტიას ტავის თავის იმედი უნდა ჰქონდეს და არა მიტმასნების და მერე იქ მცდელობა იმისა, რომ რაღაც „პარადი" წაიყვანო და იქ გამოიჩინონ ტავი. ვფიქრობ, საზოგადოება ამაში დამეთანხმება".


არასამართლიანი წინასაარჩევნო გარემოს გამო და არათანაბარი პირობების გამოც ისმის კრიტიკა არჩევნებში მონაწილე პარტიების მხრიდან...


„ვფიქრობ, ყველა პარტიას აქვს აზრის გამოთქმის და გავრცელების საშუალება. ზოგჯერ ეს გამონათქვამები თავად ამ პარტიებს აზარალებს. ხშირად გარკვეული პარტიების წარმომადგენელთა გამოსვლები კომიკურ ხასიათს იძენს, რადგან ვერაფერს საინტერესოს ვერ ამბობენ. გაურკვეველ ზღაპრებს ყვებიან პროგრამებთან დაკავშირებით. ეს კი უკუშედეგს იძლევა. მრეწველებსაც ჰქონდათ პრეტენზიები და საბოლოოდ სასამართლომ თქვა თავის სიტყვა და გამოჩნდა, რომ იყო დარღვევა. ცუდი არ იქნებოდა, პარლამენტში სამი-ოთხი პარტია ფრაქციით თუ შევიდოდა და არა ერთი-ორი მაჟორიტარით, რათა პოლიტიკურ პროცესში მათ გარკვეული წვლილი შეეტანათ; აგრეთვე პოლიტიკური ცხოვრების განვითარებაში. მომავალში კოალიციაც ძალიან ბუნებრივი მოვლენაა. ამიტომ კარგი იქნება შემდგომი არჩევებისთვის პარტიები იმ დონეზე იყოს, რომ მართლაც მოხდეს პარტნიორობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე".


პაატა ბურჭულაძეს და მის გუნდს უკვე დამარცხებულად განიხილავთ?


„თავიდანვე, როცა ის პოლიტიკაში შემოვიდა, ვთქვი, რომ არის ხელოვნური. პოლიტიკაში შემოსვლა, პროლემა არ არის, მაგრამ უცებ მხსნელის მანტია მოიცვა და ერთადერთი, საყოველტაო ლიდერის და ერის გადამრჩენელის როლში გამოხვიდე, ეს არის ხელოვნური, ბუტაფორია. ეს ბუტაფორიული გამოდგა. ეს იყო პროექტი, ვალდებულება, ყველაზე მეტი ზიანი ამ პროექტმა თვითონ ბურჭულაძეს მოუტანა. პოლიტიკუაში შემოსვლის შემდეგ ბურჭულაძეს ის იმიჯი გაეფანტა, რომელიც ხელოვნებით დააგროვა. მე უფრო მეტად ამას ვწუხვარ. ნაციონალებს უნდოდათ ნაციონალური მოძრაობა 2-ის ჩამოყალიბება. ამიტომ აიღეს ვალდებულება.


მე მაინც მგონია, რომ ეს ფონდთან არის დაკავშირებული, რადგან სააკაშვილის დროს ფონდ „იავნანას" მწვანე შუქი ჰქონდა ანთებული. შეუძლებელია იმ დროს ფონდში ხელები არ ეფათურებინათ. ეს ასეც იყო. როგორც ჩანს, რაღაც ასეთი მარწუხები იყო. თან როგორც ჩანს, ფონდის თანხების 27%-ია მხოლოდ ქველმოქმედებაში დახარჯული. ეს ყველაფერი მაძლევს იმის საშუალებას, რომ მას ვალდებულება ჰქონდა - დაავალდებულეს ამ როლის თამაში. მაგრამ, გამჟღავნდა. ძალიან მალე გაშიშვლდა ეს პროექტი. ვისაც ეგონა, რომ ეს იყო მესამე ძალა, ახალი ლიდერი, მელევე მიატოვეს - შეურაცხყოფილები და შეშინებულები წამოვიდნენ. ყველა ითხოვს დაცვა დამინიშნეთო. მე მგონი, მათ ბარიერის გადალახვის პრობლემა ექნებათ".


დაბოლოს, სააკაშვილი გეგმავს ყვარელში, საკუთარ მამულში ყურძენი თავად დაკრიფოს. თუ ექსპრეზიდენტი ჩამოვა ნაციონალები არეულობას ვერ შექმნიან ამ წინასაარჩევნოდ?


„არა, რასაკვირველია. ჩამოვა და ამ შემთვევაში კანონი იქნება ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა იყოს. მერე კი სააკაშვილი ბადრაგის საშუალებით თუ წავა და ორ მტევან ყურძენს მოკრიფავს, ეს შეიძლება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კეთილი ნება იყოს".


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner