ავტორი თეონა რამაზაშვილი
გიორგი ბარამიძის განცხადებით 2011 წლის 26 მაისს ხალხის დარბევა ძალის გადამეტებით მოხდა. მისი თქმით, ამის გამო „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს საზოგადოებასთან ბოდიში აქვს მოსახდელი.
„ყველა იმ ადამიანს ვინც იქ იმყოფებოდა ჟურნალისტია თუ არაჟურნალისტი, პოლიცია წინააღმდეგობას არ უწევდა, კანონს არ არღვევდა, მაგრამ ვინც იქ დაზარალდა, ვანო მერაბიშვილმა კი არა ყველა ჩვენთაგანმა უნდა მოუხადოს ბოდიში.
ძალის გადამეტებას ადგილი აღნიშნულ დარბევაში ჰქონდა და რამოდენიმე პოლიციელი დაისაჯა, თუმცა რამდენად ადექვატურად და სწორად დაისაჯა ეს სხვა საქმეა. მაგრამ ძალის გადამეტებას რომ ჰქონდა ადგილი ეს მაშინაც ითქვა."- განაცხადა გიორგი ბარამიძემ „რეპორტიორთან" საუბარში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები საქართველოში 2011 წელს დაიწყო. „სახალხო კრების" მიერ ორგანიზებული, საპროტესტო გამოსვლები თბილისსა და ბათუმში, მიმდინარეობდა. 26 მაისს მოხდა მომიტინგეების დარბევა, რასაც მსხვერპლი მოყვა. აქციის დაშლისას დაიღუპა 2 ადამიანი, ხოლო მომიტინგეთა დიდი ნაწილი დარბევის შედეგად დაშავდა. მათ შორის იყვნენ დამოუკიდებელი ჟურნალისტებიც.