logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე ბათუმის მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონცერტს დაესწრება
- +

21 სექტემბერი. 2016. 11:23



21 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ბათუმის მეოთხე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონცერტს დაესწრება.



ქართველ დირიჟორ დავით კინწურაშვილთან ერთად ლისტის მე-2 საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს ახალგაზრდა პიანისტი მაია ირგალინა ბელარუსიდან. ამავე კონცერტზე შესრულდება მოცარტის მე-40 სიმფონია.



17-22 სექტემბერს, ბათუმის ხელოვნების ცენტრი ტრადიციულად, გრანდიოზულ მეოთხე საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს - BATUMI MusicFest, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მასპინძლობს.



ფესტივალი წელს მასშტაბური პროექტის „Check in Georgia"-ს ფარგლებში ტარდება.


ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორია  ქართველი პიანისტისა და იუნესკოს მშვიდობის ელჩის ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი „ლირა".



ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ბათუმს საგანგებოდ სტუმრობენ კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები, რომლებიც ბათუმის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მსოფლიო და ქართული კლასიკური მუსიკის შედევრებს შეასრულებენ.



ფესტივალის ფარგლებში,  იუნესკოს მშვიდობის არტისტი, ელისო ბოლქვაძე,  იუნესკოსადმი მიძღვნილ სემინარს გამართავს, რომელსაც დაესწრებიან სპეციალურად ჩამოსული იუნესკოს მშვიდობის ელჩები - ფრანგი პიანისტი სიპრიან კაცარისი და სუდანელი არტისტი ალი მაჰდი. სემინარის თემა იქნება მუსიკის ენით მშვიდობის დამყარება  კონფლიქტურ რეგიონებში.  ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი  მიხეილ გიორგაძე დაესწრება, რომელიც სპეციალურ დიპლომებს გადასცემს მასტერკლასებში მონაწილე ნიჭიერ ბავშვებს.



აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, პირველად საქართველოს მუსიკალური ფესტივალების ისტორიაში - BATUMI MucisFest ევროპული ფესტივალების ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა.



ახალგაზრდა ქართველი პიანისტებისა და მევიოლინეებისათვის მასტერკლასები ყოველ წელს იმართება,  სადაც წარმატებული კანდიდატები შეირჩევიან საზღვარგარეთ გალა კონცერტებში მონაწილეობისათვის.



ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანია და ძირითადად, პოპულარული კლასიკური შედევრებისგან შედგება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner