logo_geo
eng_logo
სპეცრაზმელის ნაამბობი, რომელსაც მერაბიშვილმა და ადეიშვილმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს!
- +

21 სექტემბერი. 2016. 11:24



სპეცრაზმელის ნაამბობი, რომელსაც ვანო მერაბიშვილმა და ზურაბ ადეიშვილმა სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს (ყოფილი სპეცრაზმელის ვინაობას შეგნებულად არ ვამხელთ, რათა სხვადასხვა მიზეზების გამო, მის სიცოცხლეს არ შეექმნას საფრთხე):



სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემდეგ ჩავაბარე სამხედრო აკადემიაში და საკონტრაქტო ხელშეკრულებით ჩავირიცხე სპეცრაზმში. ხელფასი მქონდა 800 ლარი. კოჯრის ტყესთან, დაახლოებით ერთ კილომეტრში, 2004 წლის 15 ნოემბერს, ნახეს ვინმე თემურ ბეჟუაშვილისა და რუსუდან ფირცხალავას გვამები. მათ მიყენებული ჰქონდათ ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით. ესენი მეგობრები იყვნენ თუ საყვარლები, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, ქალს ჰყავდა ქმარი, რომელიც ციხეში იჯდა და სანამ მკვლელობა მოხდებოდა, მაგ პერიოდში გათავისუფლდა. ამის შესახებ გვიან გავიგე, როცა უკვე სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს.



2005 წლის ივლისში ჩემი ბატალიონის ხელმძღვანელობა მეუბნება, შენ კოდორიდან ხარ, იქ რაღაცებია დანაღმული და გვჭირდები, თავდაცვის სამინისტროში გიბარებენო. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს, მიმიყვანეს სამინისტროში და უცებ ჩემთვის უცნობმა პირებმა დამადეს ხელბორკილები, ცემა-ტყეპით და გინებით წამიყვანეს, შე მკვლელო, შე გათახსირებულოო! ვერ გავიგე, რა ხდებოდა, ჩამაგდეს მანქანაში და მიმათრიეს პოლიციის სამმართველოში. მათი მტკიცებით, თურმე ეს ორი ადამიანი მე მოვკალი ვინმე ალექსანდრე ზაკუტოვთან ერთად. ზაკუტოვი მსახურობდა სავალდებულო ჯარში, ოღონდ ჩვენსავე ბატალიონში, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი და წარმოდგენაც არ მქონდა, ვინ იყო. შემდეგ მოდის გამომძიებელი, მოჰყავს თავისი ადვოკატი, რომელიც თურმე სინამდვილეში პროკურორია და მიკერავენ საქმეს, ზაკუტოვი შენ გადანაშაულებს მკვლელობაშიო.


ის თავის ჩვენებაში ჰყვება ასეთ რაღაცას: თურმე წინა დღეებში მე შევხვდი მას და ვუთხარი, 500 დოლარი მაქვს ვალი, დამეხმარე, კოჯრის ტყეში „დაჩები" რომ არის, უნდა გავქურდო-მეთქი. თითქოს ის დამთანხმდა, ღამის 10 საათზე მე მივატოვე სამხედრო ნაწილი, ისიც გამოიპარა, წავედით ტყეში. მე მქონდა ავტომატი, „ლიმონკა", ტყვიები და ასე შემდეგ. შევედით ერთ-ერთ „დაჩაზე", უცებ სიგნალიზაცია ჩაირთო, მოვიდა დაცვის პოლიცია, მათ ცეცხლი გავუხსენი, „ლიმონკა" გადავაგდე, ერთი პოლიციელი დაიჭრა. ორივენი გამოვიქეცით, ტყეს შევაფარეთ თავი. გათენდა, საღამოს 5 საათზე ტყეში შევამჩნიეთ მანქანა. მივედით, იქ დაგვხვდნენ გოგო და ბიჭი, ავიღე ავტომატი, გადავტენე და ჩავცხრილე. თურმე ესენი მარტო მე დავხოცე, ზაკუტოვი არაფერ შუაში არ არის, აიღო მობილური, ტანსაცმელი, რაღაც ნივთები და წამოვედით სამხედრო ნაწილში. მერე ზაკუტოვმა იარაღი და ნაძარცვი ნივთები წაიღო თავის სახლში. ერთ ჩვენებაში წერს, რომ ყველაფერი დამალა თივაში, მეორეში წერს, დედაჩემს ჩავაბარეო. ამ ადამიანმა ოთხჯერ შეცვალა ჩვენება.


ასე დამაპატიმრეს ერთი „მოწმის" ჩვენების საფუძველზე და მომისაჯეს სამუდამო პატიმრობა. სასამართლომ განაჩენი ისე გამოიტანა, იარაღი არ ამოუღიათ, არსებობს მხოლოდ ზაკუტოვის მონაყოლი, რომელიც არის ფანტაზიის ნაყოფი... რაც პროკურატურას უნდოდა, ის დაწერეს და ხელი მოაწერინეს. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი სამივე ინსტანციის სასამართლომ დაიჯერა. არც თითის ანაბეჭდები არსებობს და მეტიც, ჩემგან არავითარი ნივთმტკიცება არ ამოუღიათ. რაც შეეხება მკაცრი აღრიცხვის ჟურნალს, სასამართლომ ამოიღო და იქ სიტყვა-სიტყვით წერია, რომ მაშინ კარანტინში ვიყავით, 10 დღე ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად ვემზადებოდით და 5 წუთითაც კი არავინ გამიშვებდა ნაწილიდან. ჩვენი ინსტრუქტორებიც მოიყვანეს, დაჰკითხეს. ასევე მოიყვანეს სპეცრაზმელები, მაგრამ მათი ჩვენებები არ გაითვალისწინეს. ინსტრუქტორები თურქები იყვნენ, ჩემი გულისთვის თავს საფრთხეში ხომ არ ჩაიგდებდნენ, ტყუილ ჩვენებებს ხომ არ მისცემდნენ?


პროცესზე მოსამართლეს ვკითხე, ერთი მოწმის ჩვენების გარდა ხომ არაფერი გაქვთ-მეთქი? არა, მეტი არაფერი გვაქვსო. ზაკუტოვს სანამ ჯარში გაიწვევდნენ, იარაღის უკანონო ტარების გამო პირობითი ჰქონდა მისჯილი. როგორ შეიძლება, ამ ადამიანს რამე დაუჯერონ?


მე ვიყავი ერთი საცოდავი ლტოლვილი, გლეხების შვილი, არც ბიძები მყოლია, არც გავლენიანი ნაცნობები და გამომიყენეს. თქვეს, ერთი ამისი დედაცო და შემომაგდეს ციხეში. პროკურორებს და მოსამართლეებს სოცშეჯიბრი ჰქონდათ გამოცხადებული, ვისაც პატრონი არ ჰყავდა, დაიჭერდნენ და რამდენიც არ უნდა ემტკიცებინა, აღარაფერი აღარ ჭრიდა. ზაკუტოვს ვუთხარი, ბიჭო, რატომ მღუპავ-მეთქი? რა ვქნა, თუ ამას არ გავაკეთებ, ოჯახს ამომიწყვეტენ და ციხეში დამალპობენო.


ამათ უნდოდათ, ეჩვენებინათ, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი ისეთი მაგრები არიან, დანაშაულს სამხედრო უწყებებშიც კი სწრაფად ხსნიანო. მე ჩვენების მიღების პროცესში დამაინვალიდეს, დამლეწეს, მაგრამ აღიარებითი ჩვენება მაინც არ მიმიცია. ქეციანი ვანო და კანალიზაციის ვირთხა ადეიშვილი ხსნიდნენ 90 პროცენტით საქმეებს ჩვენს ხარჯზე.



წყარო: expressinfo.ge


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner