„BBC"-ის ცნობით, აშშ-მ სირიაში გაერო-ს ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვისთვის პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.
ტელეკომპანიას ანონიმურობის დაცვით ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა განუცხადეს, რომ გაერო-ს ჰუმანიტარულ კოლონაზე იერიში ორმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა სუ-24-მა მიიტანა.
თავად მოსკოვმა აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კოლონა მიწიდან დაიბომბა და არა ჰაერიდან.
თეთრი სახლის პრესსპიკერის ბენ როდესის განცხადებით, ამერიკული მხარე ავიადარტყმებისთვის პასუხისმგებლობას რუსეთის მთავრობას აკისრებს, რადგან სამშვიდობო ზავის ფარგლებში, რუსეთს აღებული ჰქონდა ვალდებულება, რომ სირიის ავიაცია ავიადარტყმებს არ განახორციელებდა.
19 სექტემბერს მომხდარი დაბომბვის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჰუმანიტარული კოლონის სატვირთო მანქანების მძღოლები და სირიის არაბული წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის თანამშრომელი.