„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თუ ვინმე არ შეუერთდება ამ მემორანდუმს, ეს იქნება მკაფიო ნიშანი იმის, ვის რა ზრახვები ამოძრავებს.
კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ საარჩევნო მემორანდუმს პასუხისმგებლობის მქონე ყველა საარჩევნო სუბიექტი შეუერთდება.
„მემორანდუმს დღესვე გადავუგზავნით საარჩევნო სუბიექტებს იმისთვის, რომ მივიღოთ მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. იმედი გვაქვს, რომ პასუხისმგებლობის მქონე ყველა საარჩევნო სუბიექტი შემოუერთდება ჩვენს მიერ შემოთავაზებულ საარჩევნო მემორანდუმს. კონსულტაციები გაიმართა სხვადასხვა სუბიექტთან. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად დახვეწილი მემორანდუმი შეგვეთავაზებინა ჩვენი კოლეგებისთვის, პარტნიორებისთვის, სხვა საარჩევნო სუბიექტებისთვის. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით. მემორანდუმის მიზანი არის ჩავატაროთ მშვიდობიანი არჩევნები, არ დავუშვათ პროვოკაციები და არ დავუშვათ ძალადობა საარჩევნო პროცესში.
საარჩევნო მემორანდუმს იურიდიული ძალა არ აქვს. მას აქვს პოლიტიკური დატვირთვა და საარჩევნო სუბიექტები იღებენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მასზე ხელმოწერის შემთხვევაში. პასუხისმგებლობის მქონე ყველა საარჩევნო სუბიექტი შეუერთდება ამ მემორანდუმს. თუ ვინმე არ შეუერთდება, იქნება მკაფიო ნიშანი იმის, ვის რა ზრახვები ამოძრავებს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით - თუ ვის რა განზრახვა აქვს, არაერთხელ გვისაუბრია", - განაცხადა კობახიძემ.
„ქართულმა ოცნებამ" ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი გამოაქვეყნა. მმართველი გუნდის მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შეთავაზებული მემორანდუმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფენ მათი აქტივისტების დისტანცირებას სხვა პარტიების მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მიიღებენ ყველა ზომას, რათა არ დაუშვან მათი აქტივისტების მხრიდან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა.