არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური დუღილის ტემპერატურაც ნელ-ნელა იმატებს. რეიტინგის მოსაპოვებლად ყველა ისე იბრძვის, როგორც შეუძლია, თუმცა, რატომღაც ზოგიერთები კვლავ წესების გარეშე ბრძოლის ფანებად რჩებიან და ცდილობენ, ფარული ჩანაწერებისა თუ კომპრომატების სამარცხვინო წარსულში დაგვაბრუნონ. ამის ნათელი დადასტურება გადაცემა „არჩევანი" გახდა, სადაც მიწვეულ სტუმრებს შორის მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან" - ოთარ დანელია და ნაციონალების კანდიდატი სანდრა რულოვსი იყვნენ. ყველაფერი ინტერაქტივით დაიწყო, სადაც „ქართული ოცნება" ლიდერობდა - ამ დროს ტექნიკური ხარვეზის გამო ინტერაქტივი გაითიშა და სარეკლამო ჭრის დროს, პრესსამსახურმა ოთარ დანელიას კოკა ყანდიაშვილის დანაბარები გადასცა, ინტერაქტივის გათიშვა „ქართული ოცნების" რეიტინგის ზრდას დაუკავშირე და „გააპიარეო". თქვა კიდეც - ინტერაქტივის გათიშვა მიზანმიმართული ქმედება იყოო. მოგვიანებით სწორედ ეს ჩანაწერი გასაჯაროვდა.
ბოლო პერიოდში „რუსთავი 2"-ს უკვე ღიად აძახებენ ენმ-ს ლობირებას და ამას დიდად არც თავად მალავენ, მაგრამ გაასაჯაროო „შემთხვევით გაკეთებული" ჩანაწერი ისე, რომ რესპონდენტი საქმის კურსში არ იყოს, ეს მინიმუმ არაეთიკურია; კითხვაზე - უნდა გადაჰყვეს თუ არა ჟურნალისტური ეთიკა პარტიულ სიმპათიებს, მარტივი პასუხი არსებობს, მაგრამ ეს ჩვენი შესაფასებელი არ არის, ერთი კი ფაქტია - წამყვანმა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი უხერხულობისგან იხსნა და ჟურნალისტის კითხვაზე პასუხი - რატომ აფინანსებდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები საკუთარი ჯიბიდან მისი შვილის სწავლას - ოსტატურად აარიდა.
იყო თუ არა ეს საკუთარი პოლიტსიმპათიის ობიექტის მდგომარეობიდან გამოყვანის მცდელობა, განსხვავდება თუ არა შემთხვევითი ჩანაწერი მიზანმიმართული ფარული ჩანაწერისგან, როცა ოპონენტის დისკრედიტაციისთვის იყენებ და ვინ ცდილობს კომპრომატების ომში საზოგადოების ძალით შეთრევას? „ვერსიამ" კითხვებზე პასუხი ექსპერტს მამუკა არეშიძეს სთხოვა, რომელსაც ტელევიზიაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს და მსგავსი ტრიუკების შეფასებაც შეუძლია:
- ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რეიტინგში იმარჯვებდა სხვა პარტია და ამიტომაც გათიშეს... „რუსთავი 2"-ს სხვა შემთხვევაში რატომ არ ექმნება მსგავსი ხარვეზები? - ამიტომ შეიქმნა ასეთი შთაბეჭდილება, თორემ შეიძლება მართლა ტექნიკური ხარვეზი იყო. ასე შესაძლოა ანძაც გაითიშოს, მაგრამ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს შემთხვევითობა არ დაიჯერა.
- ოთარ დანელიას ჩანაწერიც შემთხვევით გასაჯაროვდა, ბატონო მამუკა?
- ეს ტელევიზიის ხელმძღვანელობის აბსოლუტურად ამორალური საქციელია... მსგავსი რამ ტელევიზიის ხელმძღვანელობამ არ უნდა იკადროს.
ნიკა გვარამია ამ საქციელით თავის ბიოგრაფიას გვახსენებს, როცა ფარულ ჩანაწერებზე დაყრდნობით ხდებოდა ადამიანების ბიოგრაფიის შეფასება და მათი ციხეში გაშვება თუ დისკრედიტაცია. ამ ჩანაწერზეც პირველი ეს გავიფიქრე - ნიკა გვარამიამ თავისი საქმიანობა გააგრძელა.
ტელევიზიის მუშაობისას მსგავსი ჩანაწერები შეიძლება შემთხვევით შეიქმნას, მიკროფონმაც ჩაიწეროს, კამერამაც... მაგრამ არჩევნების პერიოდში ასეთი ჩანაწერის გასაჯაროება აბსოლუტურად ამორალური საქციელია. ვინმეს თუ ჰგონია, მე მსგავსი შემთხვევები არ მქონდა, ძალიან ცდება - ჩვენც იმავე რეჟიმში ვმუშაობდით და ჩაგვვარდნია მსგავსი ჩანაწერი, მაგრამ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ის უნდა გამოგვეფინა - არსებობს შინაგანი ცენზურა, არსებობს მორალური მხარე, მით უმეტეს, არჩევნებია და ამ გზით ზემოქმედებ ელექტორატზე, ტელევიზია რომ გქვია, ამის გაკეთების უფლება არ გაქვს.
- მაგრამ მათ არასოდეს დაუმალავთ თავისი პოლიტიკური სიმპათიები...
- რამდენიმეჯერ იყო მცდელობა, მივეწვიე მსგავსი ტიპის გადაცემაში, მაგრამ მე ყოველთვის უარს ვეუბნები, რადგან ჩემთვის ეს არის კლასიკური პარტიული, ტენდენციური ტელევიზია. შეიძლება, ინტერვიუ მივცე „რუსთავი 2"-ს იმ თემებზე, რომელზეც ვმუშაობ, მაგრამ სტუდიაში არ მივალ გაბუნიასთან, კაცთან, რომლის მშობლები ხელისუფლების შეცვლისთანავე მაშინდელი პირველი არხიდან გამოყარეს, მაგრამ მან ეს ყველაფერი დაივიწყა და ემსახურება პარტიულ კონიუნქტურას. მისთვის არ არსებობს არც ჟურნალისტური და არც ეთიკური ნორმები. მისი თოქშოუს სტუმრები ყოველთვის არათანაბარ მდგომარეობაში არიან და ამ გადაცემაშიც ნათელი იყო - გიორგი გაბუნია და სანდრა რულოვსი ებრძოდნენ დანარჩენებს... მე რომ ექსტრემალურ პირობებში მუშაობის გამოცდილება მაქვს, ასეთი ვერც ექნებათ... ისეთ პიროვნებებთან ურთიერთობაც მიწევდა, რომელთა პოლიტიკური მრწამსი ჩემთვის მისაღები არ იყო, მაგრამ ყოველთვის კარგად ვართმევდი თავს, როგორც წამყვანი. დარწმუნებული იყავით, არც ზვიად გამსახურდიასთან იყო ადვილი ურთიერთობა, არც მერაბ კოსტავასთან და არც მათ მოწინააღმდეგეებთან, მაგრამ ვახერხებდი ამ პარიტეტის დაცვას.
რაც შეეხება გვარამიას საქციელს, რთულია მტკიცება, რომ მაინცდამაინც მან დადო ეს ჩანაწერი, თუმცა მისი გაკეთებული მგონია და იმდენი ქნა გვარამიამ, მათ, ვისაც პაატა ბურჭულაძისა და მისი საუბრის ჩანაწერი მესამე მხარის ინტერესი ეგონათ, გაუჩინა ეჭვი, რომ ეს საუბარი სწორედ გვარამიას გაკეთებულია. ასეთი ტიპის ადამიანია - სურს, ასეთი მეთოდებით, ფარული ჩანაწერების მეშვეობით, ზურგიდან მოქმედებით ასწიოს საკუთარი ტელევიზიის რეიტინგი და უარყოფითი იმიჯი შეუქმნას მოწინააღმდეგეებს. და რა მოხდება, ვიღაც იარაღს იარაღს თუ დაუპირისპირებს? - ამიტომ ასეთი საქციელი ყოვლად მიუღებელია.
თამარ ლომსაძე