სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში წირვის ბოლოს ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და ღვთისმშობლობა მიულოცა.
„დღეს გადაწყდა ბედი საქართველოსი, ვერავითარი ხილული და უხილავი მტერი ვერაფერს დააკლებს საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით", - ბრძანა პატრიარქმა.
ქადაგებისას ბრძანა, რომ საქართველომ დღეს შეასრულა ღვთისმშობლისადმი ლოცვა, რომელიც სასწაულს მოახდენს.
„ყველას გილოცავთ შობას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, ღვთისმშობლობას, დიდუბობას. ეს წმინდა ტაძარი ის ადგილია, სადაც მრავალი ადამიანი მიდიოდა ფეხით, ფეხშიშველა და მიდიოდა რწმენით, რათა მიეღოთ თხოვნა და იღებდა მას. და აი, დღეს ჩვენ, მთელმა საქართველომ შეასრულა ღვთისმშობლისადმი ლოცვა და მე ვფიქრობ, ეს ლოცვა გააკეთებს სასწაულს. დღეს გადაწყდა ბედი საქართველოსი. ვერავითარი ხილული და უხილავი მტერი ვერაფერს დააკლებს საქართველოს მეოხებითა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თქვენ და სრულიად საქართველოს", - ბრძანა უწმინდესმა.
ამასთან, პარტიარქმა დეკანოზი ირაკლი ოთხმეზური გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და კიდევ ერთხელ მიმართა ტაძარში შეკრებილებს, სამჯერ ეთქვათ ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი „მოწყალებისა კარი განგვიღე".