იუმორისტ ბესო ბერულაშვილს საქართველოს მთავრობამ პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ თანხად, 1 ლარად საჩუქრად ბინა გადასცა.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ბესო ბერულაშვილისთვის ბინის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ხელმოწერები, კულტურის სფეროს ცნობილმა წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს შეაგროვეს.
ბესო ბერულაშვილის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში 8 სექტემბერს დარეგისტრირდა.
როგორც ბესო ბერულაშვილმა განაცხადა, 7 წელია ამ ბინაში ცხოვრობს.
„თუ ვინმე არის ცნობილი სახე, მათ შეაგროვეს ხელმოწერები და სახელმწიფომ გადმომცა ეს ბინა საჩუქრად. რადგან მრავალსულიანი ოჯახი ვართ (იუმორისტის თქმით, ოჯახში 8 ადამიანია: ის, მისი მეუღლე, მათი შვილები სხვადასხვა ქორწინებიდან და შვილიშვილები). ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა სახელმწიფოს სთხოვეს, სიმბოლურ ფასად გადმოეცათ ეს ბინა ჩემთვის და ეკონომიკის სამინისტრომ გადმომცა. ჩემი ხელფასით და ჰონორარით სამწუხაროდ, ბინის ყიდვა შეუძლებელია", - განაცხადა ბესო ბერულაშვილმა.