ავტორი ანა ნონიკაშვილი
„წინასაარჩევნო გარემო არის მშვიდი. არ არის დაძაბულობა, როგორსაც მიჩვეული იყო 2012 წლამდე ამომრჩეველი",- ამ სიტყვებით აფასებს „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე წინასაარჩევნო გარემოს.
როგორც გეგიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა მაჟორიტარს აქვს თავისუფალი გარემო.
„ყველა სუბიექტს, მაჟორიტარობის კანდიდატს აქვს იმის საშუალება, რომ თავისი საარჩევნო კამპანია წარმართოს, თავისუფლად შეხვდეს მოსახლეობას. დემოკრატიული პროცესია თავიდან ბოლომდე.
ყველამ უნდა გაიგოს, რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას. არჩევნების დღე იქნება თუ წინა პერიოდი, არსებული ძალოვანი სტრუქტურების მოვალეობაა, უზრუნველყოს ყველა პროვოკაციული ქმედების აღკვეთა კანონიერად. პროვოკაციებს აწყობენ ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებსაც გამარჯვებისთვი სხვა საშუალებები არ გააჩნიათ.
მშვიდობის მემორანდუმი არის „ქართული ოცნების" კიდევ ერთი კარგი ნება. მემორანდუმით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ქვეყანამ უნდა ჩაატაროს უკეთესი და დემოკრატიული არჩევნები", - განაცხადა გეგიძემ.