მალე ცაგერს ახალი, მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი და რეაბილიტირებული საფეხბურთო სტადიონი შეემატება. ცაგერის ფეხბურთის მოედნის ზომა შეესაბამება უეფა-ს მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს, რაც საშუალებას იძლევა სტადიონის რეკონსტრუქციის შემდეგ აქ საერთაშორისო ეგიდით გასამართი მატჩებიც ჩატარდეს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში, კომპლექსი ასევე უმასპინძლებს საქართველოს შიდა პირველობების მატჩებს.
სტადიონის რეაბილიტაცია ადგილობრივი ხელისუფლებისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა ერთობლივი ძალისხმევით ხორციელდება, ხოლო მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით შენდება.
ცაგერსა და ლენტეხს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ესტუმრა და რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მდგომარეობას გაეცნო და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად რეგიონში სპორტის განვითარების სამომავლო გეგმები დასახა.
მასობრივი სპორტის განვითარების ფარგლებში ტარიელ ხეჩიკაშვილმა ცაგერსა და ლენტეხში სპორტსმენებს სპორტული ინვენტარი გადასცა: რაგბის, ფეხბურთის, ფრენბურთის და კალათბურთის ფორმები და ბურთები, მოკრივეთა აღჭურვილობა, ძიუდოს და ქართული ჭიდაობის საჭიდაო ფორმები. ხეჩიკაშვილმა მწვრთნელების და სპორტსმენების მხრიდან ცაგერში არსებული პრობლემები მოისმინა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა. აღსანიშნავია, რომ 1 სექტემბრიდან ცაგერის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლების სპორტის მასწავლებლები და მწვრთნელები, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან ხელფასზე დანამატის სახით 50-70 ლარს იღებენ.