logo_geo
eng_logo
ნანა თეთრაძე: სერგო თვალებით დამემშვიდობა და უკანასკნელად გაიხურა კარი...
- +

21 სექტემბერი. 2016. 18:29




„მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა ჩემი ქმრის დაპატიმრება", - იხსენებს გარდაცვლილი სერგო თეთრაძის ქვრივი ნანა თეთრაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში. მისი თქმით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები მათთან ღამე მივიდნენ, სახლი გაჩხრიკეს და კომპრომატი რომ ვერ იპოვეს, სამხილად ლოგარითმული სახაზავი, გაფუჭებული პროცესორი და გეოგრაფიული რუკები წაიღეს.



„გვეძინა, როცა თავს სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული 5-6 კაცი დაგვადგა. თავი არ წარმოგვიდგინეს. მე და ჩემი მეუღლე მხოლოდ იმას ვითხოვდით, ჩვენი არასრულწლოვანი შვილი და ხანდაზმული დედა არ გაეღვიძებინათ. მიუხედავად ამისა, ოთახებში გაიფანტნენ და ჩხრეკას შეუდგნენ. კუთხე-კუნჭული არ დატოვეს შეუმოწმებელი. კომპრომატი რომ ვერ იპოვეს, ბოლოს მტკიცებულებად ლოგარითმული სახაზავი, გაფუჭებული პროცესორი და გეოგრაფიული რუკები წაიღეს, რომლებითაც წლების წინათ დედაჩემი ასწავლიდა სკოლაში. მოგვიანებით სამხედრო პოლიციიდან გამოგზავნეს კიდევ ერთი თანამშრომელი - მიშა კუჭუხიძე, რომელმაც „ფლეშკა" მოიტანა და სერგოს ნივთების გვერდით დადო.

 

ძალიან მძიმე და შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, როდესაც სერგოს წაყვანიდან რამდენიმე საათის შემდეგ ზონდერების 20-კაციანი ჯგუფი დამესხა თავს. ეტყობა, თავისივე მოგდებული „ფლეშკა" ეცოტავათ და კიდევ ერთხელ მოინდომეს სახლის გაჩხრეკა. ვიდრე სარდაფის გასაღებს ჩავუტანდი, კარი გამოგლიჯეს. ყველა ნივთი სათითაოდ გამოჰქონდათ გარეთ და ამოწმებდნენ. ერთმანეთს მეგრულად ესაუბრებოდნენ. 4 საათი 4 საუკუნედ მექცა. მარტო ვუმკლავდებოდი მათ შეურაცხმყოფელ გამოხდომებს. როცა ეს ჯგუფი წავიდა, საქმის გამომძიებელი გიორგი ხევსურიანი მოვიდა და ჩხრეკის ოქმზე ხელის მოწერა მომთხოვა.

 

 

მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა ჩემი ქმრის დაპატიმრება. მისი დაბადების დღე თენდებოდა და ყველანი ბედნიერები ვიყავით... სახლიდან გასვლის წინ ჯვარი და საათი მოიხსნა, ჩვენს შვილს მიაწოდა, მერე ჩემკენ წამოვიდა, თვალებით დამემშვიდობა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე, უკანასკნელად გაიხურა კარი", - ამბობს ნანა თეთრაძე „ასავალ-დასავალთან" საუბარში.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner