„ჩემთვის ეს საქმე მაშინ დამთავრდება, როცა აბსოლუტურად ყველა პირი დაისჯება, ვინც ჩემი ქმრის წამებაში მიიღო მონაწილეობა!" - აცხადებს გარდაცვლილი პოლკოვნიკის სერგო თეთრაძის ქვრივი ნანა თეთრაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში და ამბობს, რომ მისმა მეუღლემ სიცოცხლის ფასად დაიცვა ოჯახისა და მუნდირის ღირსება!
„თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას პროცესზე, სადაც ჩემი ქმრის წამების ფაქტი განიხილებოდა, 2015 წლის 22 ივნისს მოწმის სახით დავიკითხე. ბოლო სხდომა ამ საქმეზე იანვარში ჩატარდა და მთელი 9 თვის მანძილზე არ განახლებულა. საქმის პროკურორი მაია ჯვარშეიშვილი სხდომის არჩატარებას მოსამართლის მოუცლელობით ხსნის. ბაჩო ახალაიას განაჩენი სერგო თეთრაძის საქმეზე დღემდე არ დამდგარა! მეტიც, აქეთ იმუქრებიან და ცილს გვწამებენ. რასაკვირველია, ამ ხელისუფლების პირობებში საქმემ წინ წაიწია, მაგრამ როგორ უნდა ვიყო კმაყოფილი იმით, რომ მეგის ქარდავას დაუსწრებლად შეუფარდეს სასჯელი?! ჩემთვის ეს საქმე მაშინ დამთავრდება, როცა აბსოლუტურად ყველა პირი დაისჯება, ვინც ჩემი ქმრის წამებაში მიიღო მონაწილეობა! კიდევ რაღა უნდა მოხდეს, რომ დამნაშავეები დაისაჯონ?! თუმცა, არც კი ვიცი, რისი იმედი უნდა მქონდეს, როცა ვხედავ, რომ ამ საქმეში მონაწილე ადამიანები ისევ მაღალ თანამდებობებზე რჩებიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში.
მხედველობაში მყავს სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ სერგოს დაკავებაში და წამებაში. უფრო მეტიც, ის ადამიანებიც კი ინარჩუნებენ თანამდებობებს, რომლებმაც ამ საქმის შეკერვაში პრემია აიღეს, მათ შორის ზაზა მჭედლიძე.
წამებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგრამ ძალიან დიდი გულგრილობა გამოიჩინეს ამ საქმის მოსამართლემ გიორგი გოგინაშვილმა და პროკურორმა გიორგი ქევხიშვილმა, რომლებმაც ჩემი სასტიკად ნაწამები მეუღლე ნახეს და, მიუხედავად ამისა, მორჩილად შეასრულეს ბრძანება. სამწუხაროდ, დღეს ეს ადამიანებიც თანამდებობებზე არიან!
მიუხედავად არაამქვეყნიური წამებისა, ჩემი მეუღლე ისე წავიდა ამქვეყნიდან, რომ არავინ დაასახელა, არაფრის ფასად არ აღიარა ის, რაც არ ჩაუდენია, სულის ამოხდომამდე დაიცვა ოჯახისა და მუნდირის ღირსება! ძალიან ვამაყობ, რომ სერგო თეთრაძის მეუღლე ვარ!" - ამბობს ნანა თეთრაძე „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში.