„ჩვენ ისევ რუსთაველზე ვართ... ისევ 26 მაისია... არ წვიმს... არც სპეცრაზმია სადმე... აღარც მიშაა... აღარც ნაციონალების რეჟიმი..." - წერს ხათუნა ხოფერია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და რუსთველზე, შვილებთან - რეზო და ბექასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს. ისინი 2011 წლის 26 მაისის დარბევის დროს სასტიკად ცემეს. წუხელ კი სხვებთან ერთად რუსთაველზე შეიკრიბნენ იმ ღამის მსხვერპლთა პატივსაცემად. „ფოსტალიონთან" ინტერვიუში ხათუნა ხოფერიამ ის ავბედითი ღამე გაიხსენა.
- ჩემი შვილი რეზიკო მაისში, ნინო ბურჯანაძის მიერ ორგანიზებული მიტინგების აქტიური მონაწილე იყო. რეზიკოს ბუნებიდან გამომდინარე არანაირ თხოვნას და ახსნას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ერთადერთი, რაც შემეძლო მუდმივი კონტროლის ქვეშ მყავდა, ტელეფონით ხშირად ვუკავშირდებოდი და ვიგებდი სად იმყოფებოდა. 25 მაისს ღამის 11 საათზე მე და ბექა ერთად ვიყავით. მაშინ ბექას მეუღლესთან, თიკასთან მივდიოდით რუსთაველის N1-ში. ეროვნულ მუზეუმთან დავინახეთ სპეცრაზმი. შემზარავი სანახავი იყო. რას შევადარო, ყვავები რომ ჩაიბუდებენ, ძალიან ბევრნი იყვნენ. ბექას ვუთხარი, დავიღუპეთ, რა ელის რეზიკოს, აქ რაღაც საშინელება მოხდება მეთქი. ჩიხებში დისლოკაცია უკვე გაკეთებული ჰქონდათ და ვინმეს მიტინგის დატოვება და წასვლა რომ სდომოდა, უკვე შეუძლებელი იყო. როცა სადარბაზოში შევედით, ბექამ მითხრა, რეზიკო არასდროს მაპატიებს, რომ მის გვერდით არ ვიყავიო, მაკოცა და გაიქცა. დამტოვა სადარბაზოში.
- შემდეგ რა მოხდა?
- ავედი თიკასთან და ვთხოვე მამამისს, მოეცა რამე რომ თავსხმა წვიმაში ჩამეცვა, გავიხადე ქუსლიანი ფეხსაცმელი და ჩავიცვი თიკას ბოტასები. თიკას მამამ, გუჯამ მომცა „დუტი" ჟილეტი, რამაც გადამარჩინა. მე რომ ეს დალიანდაგებული სქელი ჟილეტი არ მცმოდა, ჩემი ხერხემალი ვერ გაუძლებდა იმას, რისი გადატანაც შემდეგ მომიხდა. თავზე კეპი დავიხურე ისე, რომ სახე არ გამომჩენოდა. მთელი რუსთაველი გავიარე ფეხით, სანამ სცენასთან მივედი. რამდენიმე ჩასახვევი გავიარე და ისეთი გადაჭედილი იყო სპეცრაზმით გასასვლელები, რომ ადამიანი კი არა ნემსი არ გაეტეოდა... შემზარავი იყო, ისინი გიყურებდნენ და შენ ვერ ხედავდი ჩაფხუტებში, რაღაც შავი მასა იყო თითქოს. დავურეკე ბიჭებს და არ მითხრეს, სად იყვნენ, გაბრუნდი სახლშიო. ავედი სცენაზე, ვნახე ნინო ბურჯანაძე, გავამხნევე ნუ გეშინიათქო, რამდენიმე წუთში პარლამენტის ჩამოსახვევიდან წამოვიდა მანქანა წუილით, რომელიც არასდროს არ დამავიწყდება და ქალის ხმამ დაიწყო დროის ათვლა. „გეძლევათ დრო, დარჩა 15 წუთი, დაიშალეთ" და ა.შ.
- დაშლისკენ მოგიწოდებდნენ და გასასვლელები უკვე გადაკეტილი ჰქონდათ?
- რომ გდომოდა, ვერ გააღწევდი, წრეზე ივლიდი და ისევ უკან დაბრუნდებოდი. ყველა სურათი იყო იმისი, რომ ხალხი, მშვიდობიანი მომიტინგეები იყვნენ ალყაში მომწყვდეულები. იყო ყველაფერი გამზადებული მათ ჩასახოცად. სისხლიანი კალოს მზადება იყო და ეს კეთდებოდა დაგეგმილად. წუთების მიხედვით იკავებდნენ ქუჩებს, ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ. ერთ პროცენტიანი შანსი არ იყო, რომ ვიღაცას სახლში წასვლა ნდომოდა და გაეღწია იქიდან. ბიჭები ჩემს ზარს აღარ პასუხობდნენ. ამიტომ დავიწყე მათი ძებნა. წავედი რუსთაველისკენ, გადავჭერი ქუჩა, კინოთეატრში შესვლა არ მიცდია, გავიარე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე და მივედი მეტროსთან.
- მარტო იყავით?
- სრულიად მარტო. მქონდა მცდელობა, რომ ავსულიყავი მეტროს გვერდით კიბეები რომ ადის. იმ ადგილზე, სადაც შემდეგ კვინტრაძე იპოვეს სახურავზე მკვდარი. იქ პოლიცია იდგა და ჩაკეტილი ქონდათ ასასვლელი. მივედი და ვთხოვე პოლიციას, რომ გავეტარებინე, რადგან მოედნიდანაც დაიძრნენ ჯალათები. პოლიციამ გამიწია წინააღმდეგობა. ვეხვეწებოდი გამიშვით, თორემ მომკლავენ თქო, მაგრამ უშედეგოდ, გაიარეთ ქალბატონოო და იქაც არ გამაჩერეს. მეტროს რომ გავცდი, დავინახე, რომ შავ მასას, რომელიც ჩემსკენ მოემართებოდა, 4 კაცი გამოეყო. მე დავდექი მუხლებზე, თავი დახრილი მქონდა და ვხედავდი მათ ფეხებს. ოთხ ფეხს წინ ვხედავდი და 4-მა უკნიდან შემომიარა. უხმოდ იდგნენ და არაფერს არ აკეთებდნენ. ვიფიქრე, ავხედავ თქო. თავი რომ ავწიე, შავი მძიმე ხელთათმანიანი ხელი მომხვდა ყბაში, ყურებში საშინელი წუილი დამეწყო და დავწექი, ტკივილისგან მოვიკუნტე. ამის შემდეგ წინ მდგომები მირტყამდნენ ხელკეტებს და უკან მდგომები კი წიხლებს. თუმცა უკვე ტკივილს ვეღარ ვგრძნობდი. ყოველი დარტყმის მერე ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ ცოცხალი ვარ და უნდა გავუძლო ისე, რომ გონება არ დავკარგო. ყურში მესმოდა ყვირილი პოლიციელის „ქალია, არ მოკლათო". ბოლო წიხლი რომ ჩამაზილეს, დამანებეს თავი და წავიდნენ. მოვიდა პოლიციელი. და ეს ის პოლიციელი იყო, რომელსაც ვთხოვდი გავეტარებინე და არ გამატარა.
- დაგეხმარათ ადგომაში?
- დახმარების გარეშე წარმოუდგენელი იყო ადგომა. პოლიციელმა გამათრია იქიდან მეტროს შესასვლელისკენ და იქვე მდგარ ნაყინის მაცივრებთან დამმალა. ზედ რაღაც ყუთები დამაყარა.
- ნაყინის მაცივრებს რა უნდოდა იქ?
- 2 დიდი მაცივარი იდგა. წარმოდგენა არ მაქვს, რისთვის ქონდათ იქ მიტანილი. იქნებ გვამის ჩასადებად თუ ვინმე მოკვდებოდა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიმალებოდი იქ, მგონია, რომ პერიოდულად გონებასაც ვკარგავდი. ბოლოს ისევ მოვიდა პოლიციელი და მითხრა, სჯობს მეტროში დაიმალოო. იქ კიდევ რამდენიმე ადამიანი ჩამოიყვანეს. მათ შორის ერთი ქალბატონი, რომელმაც თქვა, რომ 80 წლის იყო. წყევლიდა სააკაშვილს მე კი ვეხვეწებოდი ჩუმად ყოფილიყო. მოიყვანეს ოპერატორი ბიჭი, რომელსაც ყური ჰქონდა ნახევრად მოგლეჯილი. მივედი, როგორც შემეძლო დავამშვიდე. აღმოჩნდა, რომ „რეალტივის" თანამშრომელი იყო. პირდაპირ მითხრა, ვანო მერაბიშვილის ტელევიზიის ოპერატორი ვარ და ესენი აფრენენ, რა მიქნესო. თუმცაღა მალე მანქანამ მოაკითხა და წაიყვანეს. ეს ბიჭი თუ წაიკითხავს ამ ინტერვიუს, მიხვდება, რომ მე ვიყავი ის ადამიანი, რომელმაც არ მახსოვს მივეფერე, ვაკოცე, თუ თავზე ხელი გადავუსვი.
- დარბევის კადრები რამდენადაც მახსოვს, რეალტივის არ უჩვენებია, თუმცა ალბათ მათაც ჰქონდათ მასალა.
- კი, აუცილებლად ექნებოდათ თავისი ექსკლუზიური მასალა.
- კიდევ ვინ იმალებოდა მეტროში?
- თელარა გელანტია. მე ის მაშინ ვერ ვიცანი, ვერც მან მიცნო, რადგან მოგვიანებით თავის მოგონებაში აღწერა ეს მომენტი და თქვა, რომ იქვე იყო ვიღაც ქალი, რომელიც გამუდმებით დედის ლოცვას კითხულობდაო. ის საკმაოდ თამამად იქცეოდა ჩემთან შედარებით, მე ძალიან შეშინებული ვიყავი. სახე არ უნდა გამომეჩინა, პრაქტიკულად თვალებამდე მქონდა კეპი ჩამოფარებული. ზუსტად ვიცოდი, რომ ცნობადი სახის დაკავება მათ ძალიან ესიამოვნებოდათ. მე კი უნდა გადავრჩენილიყავი, შვილები მყავდა მოსაძებნი. ტკივილს საერთოდ ვერ ვგრძნობდი, მხოლოდ მაშინ ვიგრძენი, როცა ბექა საოპერაციოში შეიყვანეს.
- როგორ იპოვეთ ბექა?
- გამთენიისას გვითხრეს, წადითო. გამოვედით, მაგრამ ქუჩის გადაკვეთის უფლებას არ მაძლევდნენ. კიბეზე რომ ავსულიყავი, მთელი სოლოლაკისთვის წრე უნდა დამერტყა და ნახევარი თბილისი უნდა გამევლო, რომ ბიჭების გზა-კვალი მეპოვნა. უნდა ჩქარა მოვხვედრილიყავი რუსთაველის პირველ ნომერში, თიკას სახლში, მაგრამ ძალიან სახიფათო იყო ჩამწკრივებულ სპეცრაზმს შორის გავლა. ვთხოვე ჩემს გადამრჩენელ პოლიციელს (უკვე ახლობლად ვთვლიდი) გადამაცილე ქუჩაზეთქო. ამ დროს მოვიდა მეორე პოლიციელი გამხდარი, სათვალიანი. დამაკვირდა და შენ რა გვარი ხარო. მივხვდი, რომ მიცნო, რაღაც მოგონილი გვარი ვუთხარი და შიშისგან პირდაპირ სპეცრაზმში შევვარდი. იმის ხელში ჩავარდნას ისევ სპეცრაზმი მერჩივნა.
- შეხვედრიხართ მას მერე იმ ხალხს, იმ პოლიციელებს?
- ძალიან მინდა იმ პოლიციელის ნახვა, ვინც გადამარჩინა, მაგრამ მას მერე არსად მინახავს, სხვათა შორის შემეხმიანა ის, მეორე, სათვალიანი. რატომღაც გონია, რომ მან გადამარჩინა. მე ვარ ვინც დავეხმარეო ჩემს ახლობელს უთხრა, მაგრამ ჩემი ნამდვილი გადამრჩენელი სამწუხაროდ არ გამოჩენილა.
- იქნებ წაიკითხოს ეს ინტერვიუ. რისი თქმა გინდათ მისთვის?
- მინდა დაველაპარაკო. ბევრი რამ არ მახსოვს და მინდა ვკითხო, რამდენ ხანს მირტყამდნენ, რამდენ ხანს მმალავდა მაცივრის უკან. რამდენი ხანი ვიყავი მეტროში და ა.შ.რატომღაც მგონია, რომ ძალიან დიდხანს გაგრძელდა ეს ყველაფერი.
- შეიძლება იმ 4-მა სპეცრაზმელმაც წაიკითხოს ეს ინტერვიუ.
- ისინი აუცილებლად მიხვდებიან ვინ ვარ, რადგან მე ვიყავი პირველი და ალბათ ერთადერთი, ვინც მეტროსთან ცემეს, რადგან მერე გაიარეს და დანარჩენებს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან და იქით უსწორდებოდნენ. მოგვიანებით ჩემი შვილები და მე ერთმანეთს ვეკითხებოდით, გვახსოვდა თუ არა ტკივილი და აღმოჩნდა, რომ არცერთს არ გვიგრძვნია. ვუთხარი რომ ამიერიდან არ უნდა შეგვეშინდეს ასეთი რაღაცის და თუ საჭირო იქნება წავიდეთ ხოლმე თამამად. თუ ტკივილს ვერ ვიგრძნობთ, შიში რისი უნდა გვქონდეს მეთქი.
- რომ ნახოთ, რას ეტყოდით იმ სპეცრაზმელებს, ვინც გცემათ?
- არაფერს არ ვეტყოდი, არც შევაფურთხებდი. მე მათ არაფრად არ ვთვლი. ოთხი შავი რაღაც. ადამიანი - არავინ. აბა რა ვუწოდო იმას, ვისაც შეუძლია მუხლებზე დაჩოქილი ქალის ცემა? ის ალბათ ნათესავსაც სცემს. გამორიცხულია, რომ ოჯახში სხვანაირად იქცეოდეს.
- შვილები როგორ იპოვეთ?
- როგორც კი გადავჭერი ქუჩა, მეუფე იაკობი დავინახე, რომელმაც ბექა მოიყვანა. მას ახლდა ექიმი. ბექა კოჭლობდა, რეზინის ტყვია ქონდა მოხვედრილი და თავი შეხვეული ქონდა. ექიმმა თქვა, რომ თუ ერთ საათში თავზე ოპერაცია არ გაკეთდებოდა, გემატომა ვითარდებოდა და ბექა სასწრაფოდ გადასარჩენი იყო. რეზიკო კონტაქტზე არ გამოდიოდა. ჩავსვი ბექა მანქანაში და მოვიარე თბილისის ყველა საავადმყოფო. არამიანცი, მიხაილოვი, რესპუბლიკური. ყველგან იდგა სპეცრაზმი. რომ შემეყვანა, სიკვდილის ტოლფასი იყო. ოპერაციას არავინ გაუკეთებდა და გემატომა კი ვითარდებოდა. პერიოდულად იწყებოდა სისხლდენა, ვუჩერებდი. მერე გამახსენდა ჩემი ბავშვობის მეგობარი მაცაცო თორაძე, რომელიც იაშვილში მუშაობს. დავურეკე. მოვიდა თავის მეუღლესთან ერთად, შევედით ჩუმად, გააღო საოპერაციო, 12 ნაკერი დაადო ბექას და გადამირჩინა. მერე ჩემი ზურგი ნახა, მთლიანად სისხლჩაქცევებში. ამოიღო მალამო, თან მისვამდა და თან მეუბნებოდა -მეტის ღირსი ხარო, 2003-ში მიტინგებზე რომ დაგყავდი უარეს დღეში უნდა იყოო. ასე გადავარჩინეთ ბექა, მერე კი იყო დღენახევრიანი ბრძოლა რეზიკოს გადასარჩენად.
- რას გულისხმობთ?
- რეზიკო იყო დაკარგულების სიაში, მას ეძებდა ბევრი ჩემი მეგობარი და ბოლოს, ისევ და ისევ ნაპირის იქით მყოფმა ჩემმა ძველმა მეგობრებმა დამიბრუნეს. დათო ტყეშელაშვილმა მაჩუქა რეზიკო, მაგრამ სამუდამოდ დამკარგა მე. მას მერე არც მინახავს და არც მილაპარაკია. ეს მისი გადაწყვეტილება იყო.