logo_geo
eng_logo
დავით ლონდარიძე: ჩემს წამებაში მეგის ქარდავასთან ერთად დათა და ბაჩო ახალაიებიც მონაწილეობდნენ
- +

21 სექტემბერი. 2016. 21:30


 

ვიცე-პოლკოვნიკი დავით ლონდარიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში დაკავების დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, სასტიკ წამებაში მეგის ქარდავასთან ერთად, დათა და ბაჩო ახალაიების მონაწილეობდნენ და აიძულეს, ცრუ ბრალდება ეღიარებინა.

 

 

„2011 წლის 16 სექტემბერს გამთენიისას სამხედრო პოლიციაში დამიბარეს. სამსახურში ტაქსით მივედი და მეგის ქარდავას მოვახსენე, რომ მისი ბრძანების თანახმად გამოვცხადდი. მაშინვე შეტევაზე გადმოვიდა - აღიარე, ჯაშუში რომ ხარ და თანამზრახველები დაასახელეო. ვერაფერი გავიგე, რას მერჩოდა. ფეხზე წამოვდექი - რა გნებავთ-მეთქი? და ამ დროს დამარტყა. მერე ე.წ. „აბივკებიან" ოთახში გადამიყვანეს და სასტიკი წამება დამიწყეს. წამებაში მეგის ქარდავასთან ერთად დათა და ბაჩო ახალაიებიც მონაწილეობდნენ.

 

ბაჩო ახალაია ბოროტი კაცის როლს თამაშობდა, დათა - კეთილის, ბაჩო რომ მირტყამდა, დათა მეუბნებოდა - ხომ იცი, რა არანორმალურია, რატომ აკვლევინებ თავს, უთხარი, რასაც გთხოვსო. ბაჩო ახალაიამ თავისი პისტოლეტი „გლოკი" პირში ჩამიდო. ვინატრე, იარაღი დატენილი ყოფილიყო. ახალაიას ხელში ვწევდი და სასხლეტისთვის თითის გამოკვრას ვცდილობდი, რომ ჩემი ტანჯვა დასრულებულიყო.

 

ბაჩო მარტო ჩემს ცრუ აღიარებას არ სჯერდებოდა. მოითხოვდა, სხვებიც დამესახელებინა. წინ ქაღალდი დამიდეს, რომელზეც სამი გვარი ეწერა: პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე, გენერალი დავით ნაირაშვილი და მესამე... არ მახსოვს. მითხრეს, რომ მათთვის სულერთი იყო, ამათგან რომელს დავადებდი ხელს.

 

დამყვიროდნენ - ტომაშუკიც და მისი ცოლიც ჯაშუშები არიან, მათ დაჭერაში უნდა დაგვეხმაროო. ამაოდ ვუმტკიცებდი, რომ შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, ამაოდ შევახსენებდი ჩემს დამსახურებებს და სამშობლოს მიმართ სიყვარულს... როცა დაინახეს, ცემით ვერაფერს გახდებოდნენ, მაგიდაზე გადამაწვინეს. ქარდავამ ხმამაღლა დაიძახა, მეტრ..ე (ცენზურა ჩვენია - რედ.) შემოიყვანეთო! მივხვდი, რომ ამას გააკეთებდნენ და განწირულმა შევძახე - რასაც მეტყვით, ყველაფერზე ხელს მოგიწერთ-მეთქი! ასე ვაღიარე ცრუ ბრალდება, თითქოს რუსეთის სასარგებლოდ ვჯაშუშობდი და ინფორმაციებს ჟუკოვს ვაწვდიდი.

 

თანამზრახველის დასასახელებლად ფურცელზე დაწერილ გვარებს თვალდახუჭულმა დავადე თითი და აღმოჩნდა, რომ პოლკოვნიკ სერგო თეთრაძეზე მივუთითე, რომელიც ჩემგან ამგვარად მოპოვებული ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს. განადგურებული ვიყავი. რამდენჯერმე დავაპირე თვითმკვლელობა, მაგრამ სიკვდილის უფლებაც არ მომცეს!" - იხსენებს დავით ლონდარიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" საუბარში.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner