საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს სესიის მონაწილეებს საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტების მშენებლობის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ წელს ორი ახალი კერძო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დაიწყო, რომლის სავარაუდო ღირებულება მილიარდ ევროს შეადგენს.
„მალე ჩვენ სტუდენტებს შევთავაზებთ რეგიონში საუკეთესო შესაძლებლობებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ განათლება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.
„ჩვენ შევცვალეთ ჩვენი განათლების სისტემა ისე, რომ მან სარგებელი მოუტანოს ყველა მოქალაქეს და, ზოგადად, საზოგადოებასა და ეკონომიკას. ჩვენი მიზანია, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ყველა პროფესიული თუ უმაღლესი განათლების ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა თავისი ადგილი იპოვოს კონკურენტულ შრომის ბაზარზე. ჩვენ გვჭირდება კონკურენტუნარიანი განათლების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი სტუდენტების ცოდნის მაღალ ხარისხს", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.