„ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში დაუღალავად ვშრომობთ და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს კავშირგაბმულობასა და ინფრასტრუქტურაში განსახორციელებელ ინვესტიციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში 5 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება.
პრემიერის თქმით, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით, პორტები, გზები და სატრანსპორტო ქსელები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ამბიციური და რევოლუციური აბრეშუმის გზის განვითარების გეგმაში, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპასა და აზიას.
„ჩვენ ერთმანეთთან დავაკავშირებთ საქართველოს რეგიონებს და თავად საქართველოსაც დავაკავშირებთ ფართო რეგიონთან. ინფრასტრუქტურის გარდა, ჩვენ ასევე ვახორციელებთ ინვესტიციებს სტრატეგიული მიმართულებებით. თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს 35 ქვეყნის წარმომადგენლებმა, დიდი წარმატებით ჩატარდა. ჩვენთვის საპატიო და სასიხარულოა თანამშრომლობა ჩინეთსა და აბრეშუმის გზის პროექტის სხვა მონაწილე ქვეყნებთან, აგრეთვე მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა იმ სავაჭრო და საინვესტიციო დერეფნის უზრუნველყოფაში, რომელიც მთელ მსოფლიოს მოუტანს სარგებელს. როდესაც ვლაპარაკობთ კავშირგაბმულობაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ინტერნეტი, რომელიც წარმოადგენს გლობალური თანამშრომლობის, ალბათ, ყველაზე სერიოზულ მამოძრავებელ ძალას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის სისტემის დანერგვა, ინტერნეტით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს ყველაზე მიუწვდომელი სოფლების მოსახლეობასაც კი.
„სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ინტერნეტის თავისუფლების მხრივ საქართველო ერთ-ერთი ლიდერია. მე ვამაყობ, რომ გამოვდივარ საქართველოს სახელით დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა აღმავლობის გზაზეა და აღმოსავლეთისა და დასავლეთის ახალი დამაკავშირებელი მოვლენების ცენტრში იმყოფება. სწორედ ეს სულისკვეთება გვამოძრავებს ჩვენ რეგიონში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის გზაზე, რომელიც ეფუძნება მდგრადი განვითარების პრინციპებს. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში დაუღალავად ვშრომობთ და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ამ პროცესში უზრუნველვყოფთ მათი უფლებების, მრწამსისა და კულტურის პატივისცემას. ჩვენ იმედით შევყურებთ გაერო-სთან შემდგომ თანამშრომლობას, რათა ხორცი შეესხას უკეთესი მომავლის საერთო ხედვას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.