ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" რეგიონში არსებულ პრობლემაზე ისაუბრა. ივანიშვილის აზრით, მიგრაციის პრობლემა, რომელიც დღეს ასე მწვავედ დგას, როგორც მთაში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებში უნდა მოგვარდეს ინფრასტრუქტურის განვითარებით და ადამიანს უნდა შეექმნას ისეთი პირობები, რომელიც საჭიროა ცხოვრებისთვის.
„სამწუხაროდ, არათუ რეგიონულ ტელევიზიებს, არამედ თბილისის ტელევიზიებსაც ვერ ვუყურებ. ვკითხულობ მონიტორინგს და ვახერხებ, მხოლოდ კითხვით მივიღო ინფორმაცია. რა თქმა უნდა, რეგიონულ მედიას, ისევე, როგორც ყველა მედიას, დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს. და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ბიზნესი განვითარდეს და მედიას შესაბამისი შემოსავალი ჰქონდეს.
ის, რომ რეგიონები იცლება ახალგაზრდებისგან და ხდება მიგრაცია, არ არის სპეციფიკური პრობლემა მხოლოდ საქართველოსთვის, ეს სხვა განვითარებად ქვეყნებშიც ხდება. განვითარებული ქვეყნები შედარებით დაბალანსებულები არიან ამ მხრივ. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რეგიონში იყოს შესატყვისი პირობები, დაწყებული საბავშვო ბაღიდან, სკოლებიდან, რომ იქ სწავლების ხარისხი იყოს არანაკლები, ვიდრე ქალაქის სკოლებშია. რეგიონებში მცხოვრები დიდად აღარ უნდა განირჩეოდეს ქალაქის მცხოვრებლებისგან. რა თქმა უნდა, კინო, თეატრი და ყველაფერი, რასაც საჭიროებს განვითარებული ადამიანი, ეს ყველაფერი ნელ-ნელა უნდა დაფუძნდეს რეგიონებშიც. და ძირითადი, სამსახური და შესატყვისი შემოსავალი, რაც ჩვენი ქვეყნის ძირითადი პრობლემაა. მე კიდევ შემიძლია გავიმეორო, რომ ძალიან დიდი წინსვლა განიცადა ჩვენმა სახელმწიფომ 4 წლის განმავლობაში, მხედველობაში მაქვს დემოკრატიული ღირებულებები, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, მაგრამ ერთ-ერთი ძირითადი უფლება არის, რომ ადამიანს ჰქონდეს შესატყვისი სამსახური და არჩინოს ოჯახი, მაგრამ ამაში ნუ დავადანაშაულებთ დღევანდელ ხელისუფლებას. ეს არის პრობლემა, რომელიც ვერც 4 წელიწადში და ვერც 8 წელიწადში ვერ მოგვარდება. ეკონომიკა 4-ჯერ და 5-ჯერ ვერ გაიზრდება ამ მცირე დროში. ეს კარგად უნდა გავიაზროთ და გავაცნობიეროთ, ხელისუფლებას უნდა მოვთხოვოთ ის, რისი გაკეთება შეეძლო და რა არ გააკეთა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.