ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" მინისტრთა კაბინეტის შესახებ საუბრობს. როგორც ივანიშვილმა კახეთში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან განაცხადა, იდეალური ვერავინ იქნება, მაგრამ მას ჰყავს საყვარელი მინისტრები, რომლებიც სტანდარტებს იცავენ. ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება და სამინისტროები ხალხს უნდა ემსახურებოდნენ.
„იდეალური ვერავინ იქნება. ბევრი რამ გაკეთდა, ვფიქრობ, რომ მიმართულება სწორი იყო. ცალკეულ სამინისტროზე და მინისტრზე შეიძლება გვქონდეს პრეტენზია მენეჯმენტთან დაკავშირებით. უხეში მაგალითები დღეს არ გვაქვს. ადრე იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის მიმართ პრეტენზიები. დავით კირვალიძე ჩემი ფავორიტი მინისტრი იყო, მაგრამ როდესაც გაჩნდა კითხვის ნიშნები, რომ შეიძლება კორუფცია ყოფილიყო, ტექნიკა შეეძინათ ძვირად და ბიუჯეტის თანხები ყოფილიყო გადახარჯული, ის გადადგა, კულტურულად მოიქცა, დაელოდა პროკურატურას. ამ დამოკიდებულებას დაექვემდებარა მთავრობის ყველა წევრი. ირაკლი ღარიბაშვილზე გაჩნდა კითხვები ნათესავებთან დაკავშირებით და რეაქცია გაკეთდა. სწორედ ეს არის დამოკიდებულება.
კითხვები ახლაც არის, მაგრამ გიორგი კვირიკაშვილის დამოკიდებულება კიდევ უფრო მკაცრია, ვიდრე ჩემი. ის სტანდარტები, რომლებიც დავტოვეთ, ხელისუფლების წარმომადგენლები მას იცავენ. კვირიკაშვილი არავის არაფერს აპატიებს. კანონი უნდა დაიცვან პირველ რიგში ხელისუფლების წარმომადგენლებმა. სამინისტროს ბიუჯეტი არ არის მინისტრის ჯიბე, ეს ნუ გგონიათ და ნუ ეგონებათ. ეს ბიუჯეტი ემსახურება სამინისტროს და სამინისტო ემსახურება ხალხს. ეს უნდა გაიგონ ძალიან კარგად. მაგალითი ჩვენ ძალიან კარგი გვაქვს „ნაციონალური მოძრაობის" 9 წლის. ერთმა ჯგუფმა მოისურვა ის, რაც საზოგადოებას ეკუთვნოდა.
ხელისუფლება, მთავრობა დაქირავებულია ხალხისგან. საზოგადოება უხდის ფულს და მას უნდა მოემსახურონ. ეს არის ძირითადი სტანდარტი. ანგელოზებით ვერ იქნება მთავრობა დაკომპლექტებული. რეგიონებში გამოცდილება კიდევ უფრო დაბალია. ამის კონტროლი და ანალიზი კიდევ უფრო რთულდება. რა თქმა უნდა, გამგებელთან იყო პრობლემები, კიდევ შეიძლება სადმე რაღაც გავიგონოთ. ვერც ადგილობრივ თვითმმართველობებში იქნება იდეალური მდგომარეობა, რადგან ახალი დაფუძნებულია და სჭირდება მასაც გამოცდილება.
ბევრი საყვარელი მინისტრი მყავს. თუ გინდ სერგეენკო, ქუმსიშვილი, კალაძე, ბევრი დამრჩება ჩამოუთვლელი და ნაწყენები დარჩებიან. თეა წულუკიანი და ა.შ. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც იცავენ სტანდარტებს",- განაცხადა ივანიშვილმა.