logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ყურძენი 1 ლარი არ უნდა ღირდეს!
- +

22 სექტემბერი. 2016. 14:12



„მეოთხე რთველი მიდის, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა. ოთხივე დაბალანსებულად ჩატარდა. ფასი რაც არის დღეს, არ არის საკმარისი. ერთი ლარი არ არის კარგი ფასი",- ამ სიტყვებით აფასებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი  „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" კახეთში მიმდინარე რთველს.

ივანიშვილის განცხადებით, ღვინის ექსპორტი ოთხ წელიწადში 527 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც 9 წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის" მთავრობამ ვერ მოახერხა.


„ყურძენი 1 ლარი არ უნდა ღირდეს, უფრო მეტი უნდა იყოს მისი ფასი. არ შეიძლება, ხელისუფლებას მოვთხოვოთ მუდმივად, რატომ არ ღირს მეტი.

ირაკლი სესიაშვილს შევხვდი, გადაურეკა რამდენიმე პიროვნებას, 2011 წელს 10 ჰექტარი იყოო? არ მოაკრეფინეს მოსახლეობას, აიძულებდნენ, რომ არ დაეკრიფათ ყურძენი და ვერსად ვერ აბარებდნენ. ცოტა ხანიც მოიცადეთ და მიეცემა ყურძენს რეალური ფასი. რა გაკეთდა 4 წლის მანძილზე, ეს გავაანალიზოთ. რა იყო მანამდე და რა არის დღეს.

„ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9 წლის განმავლობაში ექსპორტზე გატანილი ღვინიდან შემოსავალი იყო 472 მილიონი დოლარი. ოთხი წლის განმავლობაში დაახლოვებით 527 მილიონი დოლარი. ოთხ წელიწადში გაცილებით მეტია, ვიდრე 9 წლის განმავლობაში.

2005-2006 წლებში სააკაშვილს დაჟინებით მე ვაძლევდი სუბსიდირებას კახელ გლეხებს. მე-3 წელს უარი მითხრეს, შენ ეკონომიკა არ იციო. ბენდუქიძეა უკეთესიო. ღვინოს ფასი არ აქვს, მაგას ევროპაში ვერ გაიტან, საკონიაკე სპირტი უნდა დამზადდესო. ამიტომ შენ დახმარებას თავი დაანებეო. ჩემს ფულს გაძლევთ, არც ჩემს სახელს ამბობდნენ და არც მინდოდა.

კახელმა გლეხმა სწორედ ამიტომ დაიწყო ვაზის გაჩეხვა. 2011 წელს მოკრეფა რომ აუკრძალეს, კუდ-ი და სოდ-ი დადიოდნენ, 10ჰექტარი დახუნძლული ვაზი არ დააკრეფინეს, იმიტომ რომ ვერსად ვერ მიჰქონდათ. ეს იყო ის რეალობა, რომელზეც უარს ვერ ვიტყვით.

ნახეთ, რამხელა ნახტომია. მე-4 რთველი მიდის, რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა. ოთხივე როგორ დაბალანსებულად ჩატარდა. ფასი რაც არის დღეს, არ არის საკმარისი. ერთი ლარი არ არის კარგი ფასი.

დღესაც ბევრ შეხვედრებს ვაწარმოებთ. ჩინური ბაზარი ძალიან გავააქტიურეთ. ვაზი ყველგან დაირგვება, ვენახები გაფართოვდება საქართველოში, ისეთი პირობები შეიქმნება. ღირსეულ ფასად გაიყიდება ყურძენი, შესაბამისად გახდება საბაზრო ფასი და ქვეყანას სუბსიდირება აღარ დასჭირდება.

წელსაც სამწუხაროდ, სახელმწიფოს სუბსიდირება სჭირდება, რადგან მეტი ბაზარი გვჭირდება. არ მოგწონთ ყურძნის ფასი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, სად ცხოვრობთ, ბიუჯეტს კვირიკაშვილი ციდან კი ვერ მოიტანს. რაც დაგვიტოვეს, როგორც განვვითარდით ჩვენ, გადაიხედეთ უკან. ჟურნალისტები ხართ და ნახეთ, რამხელა ნაბიჯია წინ გადადგმული. ასევე უნდა გავაგრძელოთ და სულ უახლოეს დროში აიწევს ყურძნის ფასი",- განაცხადა ივანიშვილმა.  

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner