logo_geo
eng_logo
ჯაბა სამუშია: ვაჟა-ფშაველას გამზირზე „ხრუშოვკებს“ მალე ახალი შენობები ჩაანაცვლებს
- +

22 სექტემბერი. 2016. 14:23



„ქალაქი მუდმივად საჭიროებს ურბანულ განახლებას. ვაჟა-ფშაველას გამზირზე მალე ე.წ „ხრუშოვკებს" ახალი შენობები ჩაანაცვლებს", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიამ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


სამუშიამ ის ობიექტები დაასახელა, სადაც ამ ეტაპზე სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მისი განცხადებით, თბილისი ცენტრალური ნაწილი მალე ახალ იერსახეს შეიძენს.


„არის შენობები, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა უკვე გასული აქვს. გარდა იმისა, რომ ავარიულია, მსგავსი შენობები ქალაქის იერსახესაც ამახინჯებს. დაგეგმილია ვაჟა-ფშაველას გამზირზე ე.წ „ხრუშოვკების" განახლება და ახლით ჩანაცვლება.

ეს სამუშაოები, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს და დასრულდეს, რადგან სახელმწიფოს წლიურად იმ მოსახლეობისთვის ქირის გადახდა, ვისი გასახლებაც მშენებლობის პერიოდში უწევს, დაახლოებით 4 მილიონი ლარი უჯდება", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.


მისივე განმარტებით, თბილისში 30 ობიექტზე მიმდინარეობს საინჟინრო სამუშაოები, ახალი გეგმის მიხედვით კი, დაგეგმილია 56 ავარიული შენობის რეაბილიტაცია.


თბილისს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ოპონენტებს ცილისწამებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელება ბიუჯეტის თანხებთან დაკავშირებით კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ხდება.


„ნაციონალურმა მოძრაობამ"  მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბიუჯეტიდან 10 000 ლარი მოხმარდა მხოლოდ სააკაძის მოედნის რაღაც ნაწილის რეაბილიტაციას, რაც სიცრუეა. ჩვენ გერმანულ კომპანიას დავუკვეთეთ კვლევა აღნიშნული ტერიტორიის 6 ადგილას. კვლევამ უნდა დაგვანახოს, თუ რა ტიპის სამუშაოების ჩატარება გახდება საჭირო იმისთვის, რომ შემდგომ მოხდეს მოძრაობის დარეგულირება და საცობების დაუსრულებელი და პრობლემური თემის გადაჭრა. ეს დაჯდა დაახლოებით 83 000 ლარი.

მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველაფერი კეთდებოდა კვლევების გარეშე და ფასადურად, რისი მაგალითიც გმირთა მოედანია", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ „კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.


მან საქალაქო სამსახურების მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ერთადერთი პრობლემა ბიუჯეტის სიმცირეა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner