მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემასთან დაკავშირებით ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ჟურნალისტის კითხვას პასუხობს და ამბობს, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ადგილობრივ წარმოებას და დაეხმაროს მწარმოებლებს პროდუქტის რეალიზაციაში.
„სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ბაზრების მოპოვებაზე და მოსახლეობას უნდა დაეხმაროს პროდუქციის გაყიდვაში. ინფრასტრუქტურა და ბაზრები არის ის, რაც სახელმწიფოს ძირითადი გასაკეთებელია. ასევე დაიცვას კანონები და კარგი კანონები მისცეს ბიზნესს. მახსოვს, ბურჭულაძემ გამაკრიტიკა, სულ ეს არის, ამით აშენდება ქვეყანაო? სხვა დანარჩენი - ჰპირდებიან რაღაც აბსურდებს და აბსურდის თეატრში არიან, მაგრამ ამ მხრივ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მაქსიმალურად, რომ ადგილობრივ მოსავალს და მათ რიცხვში, ხორბალსაც მაქსიმალურად დაეხმაროს, რომ ბაზარი ნახოს.
ბაზარი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს და ადგილობრივი წარმოება, გასაგებია, რომ ლობირებადი უნდა იყოს სახელმწიფოსგან და უნდა დაეხმაროს მაქსიმალურად, მაგრამ გადაჭარბებით, შეიძლება საბაზრო პრინციპები დაირღვეს და ეს არანაირად არ ივარგებს. აქ ოქროს შუალედი უნდა გამონახოს ხელისუფლებამ და მაქსიმალურად დაეხმაროს ადგილობრივ წარმოებას. აქვე უნდა დაიფქვას და მოვიხმაროთ ფქვილი, წისქვილები გვაქვს, მაგრამ ზედმეტი ანგაჟირება შეიძლება ცუდიც იყოს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.