სააკაშვილის „ხელისბიჭმა" ლევან ვარშალომიძემ თურქულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა: „როგორც შავიზღვისპირელი, აღვნიშნავ, რომ ქართველი და თურქი ხალხი არის ერთი ხალხი ორ სახელმწიფოში!" ამ სიტყვების კომენტარისთვის პოლიტოლოგ ჰამლეტ ჭიპაშვილს დავუკავშირდით.
- ბატონო ჰამლეტ, ლევან ვარშალომიძე, როგორ ცნობილია, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობისთვის იბრძვის და ეს სულელურ ვნებებში გართულს ხომ არ წამოსცდა?
- ლევან ვარშალომიძის გონებრივ შესაძლებლობებზე დიდი წარმოდგენისა არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ეს განცხადება შემთხვევითი წამოცდენა არ უნდა იყოს! თუნდაც იმიტომ, რომ ყველას ახსოვს, რას ამბობდა ვარშალომიძის ფიურერი სააკაშვილი: როგორც დედაჩემისგან ვიცი, თურქეთი საქართველოს მტერი კი არა, ისტორიული მეგობარიაო! თითქოს ოსმალეთს ჩვენი უზარმაზარი ტერიტორიები არ წაურთმევია და სისხლიც არ გაუშრია ჩვენთვის საუკუნეების მანძილზე!
- იქნებ თურქეთმა კი არ წაგვართვა, „შემოგვინახა" ტაო-კლარჯეთი?
- (იცინის) კი, ისე „შემოგვინახა", რომ იქ ტოტალურად გათურქდა ყველა და ყველაფერი!
შევარდნაძის დროს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვმუშაობდი საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელად. სწორედ მაშინ დაიწყო, ასე ვთქვათ, საზღვრების გახსნა. არაერთ სარფსიქითა აჭარელს შევხვედრივარ და მიკითხავს მათთვის: „არ გსურთ დედასამშობლოში დაბრუნება?" არცერთს არ უთქვამს დადებითი პასუხი! ისინი თურქებად მიიჩნევენ თავს! და თურქებთან მიმართებაში რომელ „ერთ ხალხზეა" ლაპარაკი, როცა ჩვენი, „თურქი აჭარლებიც" კი, ასე ვთქვათ, განზე გვიდგებიან.
- აბა, ვარშალომიძემ რატომ თქვა ეს?
- იმიტომ, რომ ამით კოჭი გაუგორა სააკაშვილს, დედამისს... იმ ათასობით თურქსაც ნუ დავივიწყებთ, სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა რომ ჩამოურიგა - ეს საარჩევნო ხმებია!
- მაგრამ რამდენიმე ათასი თურქის ხმის მისაღებად ასეთი განცხადებებით ნაცები ხომ მთელ საქართველოში კარგავენ ხმებს?
- ნაცები ოსმალეთის აგენტურაა! სააკაშვილი ძალაუფლების დასაბრუნებლად თურქეთს კი არა, ეშმაკსაც შეეკვრება! სააკაშვილი ძალაუფლების დაბრუნებისთვის აჭარასაც გაყიდის და გურიასაც!
და მე იმ აჭარლისა რა ვთქვი, ასეთი მოღალატური განცხადების შემდეგ ლევან ვარშალომიძეს და ნაცებს ხმას რომ მისცემს!
ასლან აბაშიძის დროს ბათუმში თურქს წამლად ვერ ნახავდით, ახლა კი ნახეთ, რა ხდება!
- სხვათაშორის, აჭარაში ძალაუფლების მოსაპოვებლად ასლან აბაშიძესთან დაპირისპირების დროს სააკაშვილი, როგორც ცნობილია, ბათუმის საჰაერო დაბომბვასაც აპირებდა!
- დიახ! მე ეს ყურის მოკვრით კი არა, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლისგან ვიცი! 2004 წლის აპრილის ბოლოს ამერიკის საელჩოს თანამშრომელმა მითხრა - სააკაშვილმა უკრაინაში რუსული ვერტმფრენი შეარემონტა და ბათუმში ასლან აბაშიძის რეზიდენციის დაბომბვას აპირებსო! ათიოდე დღეში აჭარაში მართლაც დაიწყო „ვარდების რევოლუცია 2"! ასე რომ, სააკაშვილი ძალაუფლებისთვის ყველაფრის მკადრებელია!
- არადა, მისი მონები სააკაშვილს ზვიად გამსახურდიას ადარებენ...
- უკაცრავად, მაგრამ ეს ვარშალომიძის სისულელეზე არანაკლები სისულელეა! სად ზვიადი და სად სააკაშვილი? მე ვმუშაობდი ზვიადთან და კარგად ვიცი, რომ ზვიად გამსახურდია საქართველოსთვის თავდადებული პატრიოტი იყო, სააკაშვილისთვის კი საქართველო ტერიტორიაა, სადაც თავის ავადმყოფურ ვნებებს დაიკმაყოფილებს!
- დავით ბერძენიშვილმა განაცხადა - ბიძინა ივანიშვილი სულ უფრო ემსგავსება ასლან აბაშიძესო!
- ისევ აბსურდული პარალელია! სად ასლან აბაშიძე და სად - ბიძინა ივანიშვილი?!
- ანუ ბერძენიშვილი აზრით, ივანიშვილი ასლანივით ავტოკრატიზმისკენ მიდისო!
- ასლან აბაშიძეს, მართალია, ჰქონდა გადახრები ერთპიროვნულობისაკენ, მაგრამ ის თხემით ტერფამდე პატრიოტი კაცია! ასლანი, ბოლოს და ბოლოს, მემედ აბაშიძის შვილიშვილია - იმ ოჯახის წარმომადგენელი, სიცოცხლე რომ არ დაუშურებია სამშობლოსათვის!
ასლანმა თავის დროზე გადაარჩინა ქართველი ინტელიგენცია, როდესაც აჭარაში სასათბურე პირობები შეუქმნა! ჩემი თვალით მყავს ნანახი ის უზარმაზარი ამალები, თბილისიდან ბათუმში რომ დაიარებოდნენ! ასლანი მათ არა მხოლოდ სპექტაკლებს უფინანსებდა, ჰონორარებს უხდიდა, არამედ ისედაც ეხმარებოდა ფულით! თუმცა, შემდეგ ყველამ გაყიდა!
მე გეტყვით, რატომ სძულთ ასე ბერძენიშვილებს ასლანი: ასლან აბაშიძეს ძმები ბერძენიშვილების „კაგებეს" აგენტობის რამდენიმეტომიანი საქმე ჰქონდა! ერთხელ მეც მაჩვენა - წაიკითხე, ესენი ვინ არინო! გადავავლე თვალი და, ბოდიში და, კინაღამ გული ამერია! აი, ამიტომაც სძულთ ბერძენიშვილებს ასლანი!
და სხვათაშორის, ეს რესპუბლიკელებიც ნაცებზე არანაკლები „პროოსმალისტები" არიან! გაიხსენეთ, როგორ თავგანწირვით დაუჭრეს მხარი რესპუბლიკელებმა ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას და როგორ გვიმტკიცებდნენ, სულეიმანი კეთილი სულთანი იყოო!
ასე რომ, დავით ბერძენიშვილი (რომელიც ასევე კენჭს იყრის აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე) და მისი პარტია ნაცების „სულიერი ძმები" არიან! ჰოდა, ნუ გაგიკვირდებათ, თუ აჭარაში რესპუბლიკელები და ნაცები ერთობლივად მოაწყობენ ანტისახელმწიფოებრივ შეთქმულებას.
ესაუბრა გიორგი გიგაური