საარჩევნო ბლოკ „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ჩიტიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში გარდაცვლილ ზაზა ლაზაროვს იხსენებს და ამბობს, რომ მისი სახით საქართველომ და ოსეთმა მნიშვნელოვანი ადამიანი დაკარგა.
„სინანულით მინდა გავიხსენო ჩვენი უახლოესი თანამებრძოლი და მეგობარი ზაზა ლაზაროვი, რომელიც სულ ახლახან მივაბარეთ მშობლიურ მიწას. ზაზას არც გვარი გადაუკეთებია და არც სადმე გაქცეულა თავის შვილებთან და ოჯახთან ერთად... ზაზა ლაზაროვი ეთნიკური ოსი იყო, „ნახალოვკაში", ჯავის ქუჩაზე დაბადებული ბიჭი, რომელსაც სიგიჟემდე უყვარდა საქართველო და ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ქართველებსა და ოსებს შორის არ მომხდარიყო ის უბედურება, რაც მეოცე საუკუნის 90-იან წლებში და 2008 წლის აგვისტოში დაგვემართა.
ზაზა სოფელ არცევში ჩემი დავალებით ხშირად ჩადიოდა და ეთნიკურ ოსებს, რომლებიც ქართველების მიმართ აგრესიულად არიან განწყობილი, შერიგებაზე, ქართველებთან ძმობაზე ესაუბრებოდა.
მერჩივნა, პროცესი წამეგო და არჩევნებში საერთოდ არ მიმეღო მონაწილეობა, ვიდრე ზაზა ლაზაროვი დამეკარგა!.. გვერდიდან არ მშორდებოდა ცხონებული... როგორ ვეხვეწე, არ შეიძლება შენი შიმშილობა-მეთქი, მაგრამ ვერაფერი გავაწყვე!.. ზაზა ლაზაროვს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ქართველთა და ოსთა ძმობისა და ერთიანობის ეკლესიის აშენებაში. შესაძლოა, მას ბევრი ფული არ ჰქონდა, მაგრამ, როგორც მშენებელი, თავისი ჭკვიანური რჩევებით სერიოზულ თანხას მაზოგვინებდა, რომელსაც სხვა კეთილ საქმეებს ვახმარდი. ზაზა წიგნებს ყიდულობდა და ქართველ და ოს ბავშვებს ჩუქნიდა... ქართველებისა და ოსებისთვის ზაზა ლაზაროვის გარდაცვალება დიდი დანაკლისია. მერწმუნეთ, ჩვენ ღირსეული მამულიშვილი და შესანიშნავი პიროვნება დავკარგეთ!" - განაცხადა ზვიად ჩიტიშვილმა.