საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი სესიაშვილი ანკარაში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოხატავს და ტურქ ხალხს უსამძიმრებს:
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დღეს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც მრავალი უდანაშაულო ადამიანი შეეწირა. კიდევ ერთხელ ვგმობ ტერორიზმს და ვუთანაგრძნობ ჩვენს მეგობარ თურქ ხალხს."
თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დღეს საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 27 ადამიანი გარდაიცვალა, 75 კი დაშავდა.
პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი გახდა დანაღმული ავტომანქანა, რომელიც ორ ავტობუსს შორის მდებარეობდა.
ანკარაში აფეთქება ავტობუსის გაჩერებაზე, გიუვენ-პარკთან, ერთ-ერთი ბიზნეს-ცენტრის სიახლოვეს მოხდა.