ამერიკული ავტორიტეტული ჟურნალი „Foreign Affairs" საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წინასაარჩევნო კამპანიასაც აფასებს და წერს, რომ დიდი ალბათობით, საპარლამენტო არჩევნები სამართლიანად ჩატარდება.
„Foreign Affairs" აღნიშნავს, რომ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ქვეყნის მედია და სამოქალაქო საზოგადოება ყვავის.
Foreign Affairs: უკანასკნელი წლების მანძილზე ევრაზიის მასშტაბით დემოკრატია უკან იხევს და ბევრ ქვეყანაში დასავლური პოლიტიკური მოდელების მიმზიდველობა მცირდება. საქართველო, ამ თვალსაზრისით, გამონაკლისია. უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ქვეყნის მედია და სამოქალაქო საზოგადოება ყვავის, ხოლო მთავრობა რეფორმების ვრცელ პროგრამას ატარებს. თბილისის პროდასავლური პოლიტიკა, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერით დაწყებული და ნატოში გაწევრიანების სურვილით დამთავრებული, უდიდესი მხარდაჭერით სარგებლობს საქართველოს მოქალაქეთა და ქვეყნის უდიდეს პოლიტიკურ პარტიათა შორის.
საქართველოს ამჟამინდელი სტაბილურობა და პროდასავლური პოზიცია თავისთავადი მოცემულობა ნამდვილად არ არის. ორი ათწლეულის წინ, თბილისი ეთნიკურ ნიადაგზე მიმდინარე დაპირისპირების, სამოქალაქო ომის, ეკონომიკური კოლაფსის ეპიცენტრი იყო. ბევრი დამკვირვებლის აზრით, საქართველოს არშემდგარი სახელმწიფოს სტატუსი ემუქრებოდა. ქვეყანა შეიძლებოდა ქცეულიყო ორგანიზებული დამნაშავეებისა და ტერორისტული დაჯგუფებების თავშესაფრად. არც საქართველოს პოლიტიკური მიღწევებია შეუქცევადი. რუსეთი საქართველოს პროდასავლურ ორიენტაციას საფრთხედ აღიქვამს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოლიტიკა უკანასკნელი ოცი მანძილზე საკმაოდ განვითარდა, ქართველ ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე უდიდეს ზეგავლენას მაინც პიროვნება და არა პოლიტიკური პლატფორმა ახდენს.
8 ოქტომბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, გაგრძელება თუ არა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ტრაექტორია. ოქტომბრის შემდეგ მუშაობას ახალი პარლამენტი განაგრძობს. საქართველოს დასავლელმა პარტნიორებმა მხარი უნდა დაუჭირონ ამგვარ შედეგს. საქართველომ კი, თავის მხრივ, უნდა განაგრძოს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები.
1991 წელს საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოსთვის სამოქალაქო ომი, ტერიტორიების გამოყოფა, რუსეთთან ომი და პოლიტიკური დესტაბილიზაცია უცხო არ იყო. პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის თავისუფალი მმართველობის სტილის შემდეგ ქვეყნის სადავეებში, მართვის დიდწილად მკაცრი სტილით გამორჩეული მიხეილ სააკაშვილი მოვიდა. 2003 წლის შემდეგ სააკაშვილის ერთიან ნაციონალურ მოძრაობას დიდი წვლილი მიუძღვნის ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების ცვლილებაში, თუმცა მომდევნო წლებში საქართველოს მოქალაქეების უფლებების ხელყოფაში ედება ბრალი.
დაძაბულობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დასრულდა, როცა მილიარდელი ბისნესმენის - ბიძინა ივანიშვილის ცენტრისტულმა კოალიციამ "ქართულმა ოცნებამ" სააკაშვილის პარტია ჩაანაცვლა. ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობა მხოლოდ 1 წელს გაგრძელდა, 2013 წლის ნოემბერში მან ეს პოსტი თავის უმცროს მოკავშირეს დაუთმო. მიუხედავად იმისა, რომ იგი სახელმწიფო თანამდებობაზე აღარაა, მრავალი ქართველისთვის ის რჩება პოლიტიკოსად, რომელიც ქვეყანა გადაარჩინა.
საქართველოში მანამდე გამეფებული არეულობის საპიროსპიროდ, 2012 წლის არჩევნების შემდეგი წლები სტაბილური გამოდგა, რამაც თბილისს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებაში შეუწყო ხელი. 2014 წელს საქარველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებს მოაწერა ხელი. აღნიშნული ხელშეკრულება, რომელიც ძალაში ივლისში შევიდა, პოლიტიკურ ბლოკთან საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
ქვეყანამ მიიღო საკანონმდებლო ბაზა, რომელიც უმცირესობათა უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული და ქმნის ეკონომიკურ მექანიზმებს, რომლებიც მოწოდებულია, დაიცვას ინვესტორთა ინტერესები. სასამართლო სისტემა ასევე რეფორმირდა, დაინერგა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი, სასამართლო დარბაზში გადაღება დასაშვები გახდა, ხოლო სამოქალაქო საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად დაინიშნენ.
მოსალოდნელია, რომ რამდენიმე შეფერხების შემდეგ, მომდევნო კვირების მანძილზე საქართველო და ევროკავშირი უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დანერგავენ. ქვეყნის პოლიტიკური ელიტის ბევრი წარმომადგენელი, მათ შორის, ქართული ოცნებისა და მთავარი ოპოზიციური პარტიის - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ვეროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას მთავარ ამოცანად მიიჩნევენ. ევროკავშირში გაწევრიანების წინადადება საქართველოს ჯერ არ მიუღია, თუმცა ნატომ გამოაცხადა, რომ ზოგადად, იგი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხის განსახილველად მზადაა.
გაწევრიანება
როდესაც ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, სტუნდენტმა სთხოვა მიემართა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით პესიმისტურად განწყობილი ქართველებისათვის, მან გულწრფელად აღნიშნა: "საქართველომ უნდა განაგრძოს იმის კეთება, რასაც ახლა აკეთებს და ამაში რეფორმები იგულისხმება... კონსტიტუციური რეფორმები, რეფორმები საარჩევნო სისტემაში, ეკონომიკური და სასამართლო რეფორმები".
ეს ნამდვილად კარგი რჩევა იყო. საქართველომ სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირებისა და ციხეებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების დარგში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია; ეს მიღწევები დაცვას საჭიროებს. საქართველომ ასევე უნდა განაგრძოს ანტი-კორუფციული ზომების გატარება. უდიდეს გამოწვევას ისევ სასამართლო სისტემა წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული სასამართლოები გადაწყვეტილებებს, ხშირ შემთხვევაში, მთავრობის წინააღმდეგ იღებენ, ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის მიზანი ჯერ კიდევ არ მიღწეულა.
საქართველოს დასავლელ მეგობრებსაც მეტი ძალისხმევა მართებთ, 2004 წელს ნატოში გაწევრიანებამდე, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა 1990-იან წლებში დასავლეთის ქვეყნებისაგან დიდი დახმარეა მიიღეს. თუმცა საკუთარი დამოუკიდებლობის უდიდესი პერიოდის მანძილზე საქართველო, რუსულ წნეხს, ძირითადად, მარტო უმკლავდებოდა. უკანასკნელი წლების მანძილზე რუსეთის მტრულმა დამოკიდებულებამ, მათ შორის, 2008 წლის ომმა საქართველოსთან და უკრაინის მიმართ განხორციელებულმა აგრესიამ თბილისს თავის ტკივილის კიდევ უფრო მეტი მიზეზი გაუჩინა. ნატოს წევრობა ამ საშიშროებას გააქარწყლებდა და საქართველოს საკუთარ ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებაზე ზრუნვის საშუალებას მისცემდა. საქართველომ უკვე მიიღო მონაწილეობა ნატოს რამდენიმე მისიაში, მათ შორის, ავღანეთში; სეპარატისტული რესპებლიკების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე ალიანსში გაწევრიანება შემდეგი ლოგიკური ნაბიჯია. მართალია, საქართველოს ნატოში მიღება რუსეთს, რომელიც პოსტ-საბჭოთა სივრცეში პრივილეგირებული მდგომარეობის შენარჩუნებას ცდილობს, გააბრაზებდა. მაგრამ ნატომ უნდა აჩვენოს რუსეთს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მას ვეტოს უფლება არ აქვს. ევროკავშირისა და საქართველოს თანამდებობის პირებმა კი, ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებით დანერგვისათვის ყველაფერი უნდა იღონონ.
მომავალ თვეში დაგეგმილ არჩევნებში ქართველებს დიდი მრავალფეროვნება ელით - კენჭს იყრის ცხრამეტი პოლიტიკური პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი, რომლებიც 17 პარტიას აერთიანებს. ქართული ოცნება, სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობას შეინარჩუნებს, ხოლო ერთიანი ეროვნული მოძრაობა მეორე უდიდესი პარტია იქნება. 2003 წლის განსხვავებით, როდესაც ხმის მიცემის პროცესის გაყალბების ბრალდებამ შევარდნაძის ხელისუფლების დამხობა გამოიწვია, ეს არჩევნები, დიდი ალბათობით, სამართლიანად ჩატარდება.
იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ადგილი არ ექნება, მსხვილი ორპარტიული უმრავლესობა ახალ პარლამენტში ნატოსა და ევროკავშირის მხარდამჭერ პოლიტიკას გაატარებს. საქართველოს სამეზობლოში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველომ და მისმა დასავლელმა მეგობრებმა თავს არ უნდა მისცენ არსებული პროგრესით დაკმაყოფილების უფლება.
https://www.foreignaffairs.com/articles/georgia/2016-09-21/georgias-western-turn?cid=soc-fb-rdr