23 სექტემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას მინისტრი მიხეილ გიორგაძე გაუძღვება. პრეზენტაციას დაესწრებიან მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, სსიპ საფინანსო - ანალიტიკური სამსახურის, მუზეუმების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.
საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემის - egmc.gov.ge - შექმნის მიზანს წარმოადგენს საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა აღრიცხვისა და მართვის მოქნილი, ერთიანი ცენტრალიზებული სისტემის უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც მარტივად ხელმისაწვდომი იქნება სამუზეუმო ფონდის შესახებ სისტემატიზებული მონაცემების მოპოვება და სტატისტიკური ანგარიშების მომზადება.
ამჟამად, დასრულებულია სისტემის შექმნის პროცესი, ასევე, მომზადებულია საინფორმაციო სისტემის მომხმარებელთა სახელმძღვანელო. ამ ეტაპზე ბაზაში, ტესტირების რეჟიმში, სამინისტროს სისტემაში შემავალი 6 სსიპ მუზეუმია ჩართული - საქართველოს ეროვნული მუზეუმი, გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი. აღნიშნულ მუზეუმებში სისტემა ოქტომბრიდან დაინერგება. 2017 წლიდან საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემაში ყველა სსიპ მუზეუმი, ხოლო 2018 წლიდან, მუნიციპალური მუზეუმები ეტაპობრივად ჩაირთვებიან.
პროექტი განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - ,,საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის" მიერ. სისტემის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მუზეუმების სამმართველო.
2015 წლის 1 ივლისიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ - ,,საფინანსო-ანალიტიკურ სამსახურთან" ერთად დაიწყო პროექტის „საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემის (egmc.gov.ge) შექმნის უზრუნველყოფის" განხორციელება. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი მუზეუმების სამმართველოს, მუზეუმებისა და ანალიტიკური სამსახურის თანამშრომლების მონაწილეობით.
სამუზეუმო ფასეულობის აღრიცხვასთან დაკავშირებული ყოველგვარი ინფორმაცია დღევანდელი მდგომარეობით, ძირითადად თავმოყრილია ქაღალდურ ფაილებში - საინვეტარო წიგნებსა და სხვადასხვა დოკუმენტებში. „საქართველოს მუზეუმების კოლექციების საინფორმაციო სისტემის (egmc.gov.ge) მუზეუმებში დანერგვის შემდეგ, აღრიცხვის ელექტრონულ სისტემასთან ერთად, აუცილებელი იქნება აღნიშნული დოკუმენტაციის პარალელურად წარმოება.
მონაცემთა ბაზის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს დაფინანსებით სსიპ-მუზეუმებისთვის შეძენილ იქნა აუცილებელი ტექნიკა, მათ შორის: დიჯიპასები, კომპიუტერები, ფოტოაპარატები და მულტიფუნქციური პრინტერები. ამ დროისთვის კვლავაც გრძელდება მონაცემთა ბაზის 65 კლასიფიკატორზე მუშაობა, რადგან სისტემის წარმატებით დასანერგად აუცილებელია, რომ თითოეული კლასიფიკატორი მონაცემთა ბაზაში გადატანამდე იყოს შეჯერებული სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან. ოქტომბრიდან ეტაპობრივად განხორციელდება სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული მუზეუმების სისტემაში ჩართვა.