„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ნიკა გვარამიასა და პაატა ბურჭულაძის სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერს გაზეთ „ასავალ-დასავალში" ეხმიანება. მჟავანაძის თქმით, ეს ჩანაწერი თავად გვარამიას ჩაწერილი და გავრცელებულია.
„ამ ჩანაწერმა გვიჩვენა, რომ პაატა ბურჭულაძე, ამოდენა კაცი, ნიკა გვარამიასთან საუბრისას დაპატარავდა... აშკარაა, რომ ეს საუბარი ჩაწერა ნიკა გვარამიამ და ჩანაწერიც მან გაავრცელა! ამით გვარამიამ ორი კურდღლის დაჭერა სცადა - პირველი: ხალხი გააფრთხილა, რომ ვინც ბურჭულაძის პარტიაშია, ყველა ნაცია და მეორე: ნიკა გვარამიამ ქვეყანას თავი შეაცოდა, აქაოდა, ხელისუფლება მისმენსო!.. გვარამიამ ბურჭულაძეს მთავარი უთხრა - შენ თუ ბიძინა ივანიშვილისადმი სხვაგვარი დამოკიდებულება გაქვს, მეც შევიცვლი შენ მიმართ პოზიციასო!.. ანუ თუ ბიძინას აგინებ, მაშინ „ნანუკას შოუშიც" მიგიწვევენ, „მაიას შოუშიც" მიგიწვევენ და დაგაპიარებენ!.. მოკლედ, ვისაც ბიძინაფობია სჭირს, ის არის „რუსთავი 2"-ის საყვარელი რესპონდენტი!" - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ „ასავალ-დასავალთან" საუბარში.