„ნელ-ნელა გავიზრდებით, ნელ-ნელა ვისწავლით და 2030 წლისთვის ახლოს ვიქნებით ევროპასთან, თუ მოთმინებით და თანმიმდევრულად მივყვებით",- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კახეთში, GDS-ის გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა.
„თუ დღესვე და ხვალე მოგვინდება, რომ ყველას გვქონდეს დიდი სასახლეები, აგარაკები და სასწრაფოდ გავმდიდრდეთ, თუ კვირიკაშვილის ხელისუფლებაზე უარს ვიტყვით და ხელისუფლებაში მოვიყვანთ ვიღაც შარლატანს, პროცესები შეფერხდება. ნუ დავკარგავთ ხმებს, ნუ დავკარგავთ ენერგიას, გავაკეთოთ კონცენტრირება. გამოცდილი ხალხი ვართ, სწორი არჩევანი გავაკეთოთ.
ილიას მკვლელობის დღე იყო, ვერ წავედი, იქ სიტყვა მქონდა მომზადებული. თუ აწმყო არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია. ჩვენი შეგვიძლია აწმყოთი ვიამაყოთ. 60 წლის ვარ მე და მინდა 2030 წლისთვის სიამაყით ვთქვა, რომ ჩვენ ვართ განვითარებული ქვეყნების რიგში, კულტურული ხალხების რიგში და ვერავინ ვერ იტყვის აუგს ჩვენს ისტორიაზე, ჩვენს ისტორიულ დიდ კულტურას მიეცემა სხვა ფასი. ნუ ხართ სხვის იმედზე, ნუ გგონიათ, რომ ვიღაცა გააკეთებს თქვენს გასაკეთებელს, კეთილი ინებეთ და ელემენტარული პასუხისმგებლობა გამოავლინეთ, ვინც ამ დღეს უარს ამბობს არჩევნებში მისვლაზე, არანაირი მორალური უფლება არ აქვს ან აკრიტიკოს, ან მოითხოვოს ხელისუფლებას. კეთილი ინებეთ, ეს ელემენტარული გაითავისეთ, გაიგეთ, რომ ეს თქვენი ვალდებულება. სხვა არ გააკეთებს თქვენზე უკეთეს არჩევანს, თქვენ უნდა მიხვიდეთ და გააკეთოთ სწორი არჩევანი", - განაცხადა ივანიშვილმა.