logo_geo
eng_logo
მიხეილ ბიბილურიძე: დათა ახალაია გაჩუმების სანაცვლოდ თანხას გვიგზავნიდა!
- +

22 სექტემბერი. 2016. 23:17



კონტრდაზვერვის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთმა ყოფილმა მსაჯვრდებულმა, მიხეილ ბიბილურიძემ საქალაქო სასამართლოში დაკითხვის დროს განაცხადა, რომ გაჩუმების სანაცვლოდ დათა ახალაია მას და გერონტი ალანიას თანხას უგზავნიდა.


როგორც  ბიბილურიძემ აღნიშნა, ახალაიას მიერ შეგზავნილმა თანხამ საერთო ჯამში დაახლოებით 100 ათას დოლარი შეადგინა და ციხეში სხვა პატიმრებისგან განსხვავებულ პირობებში იყო.


„სანამ გამოვიდოდით ეს თანხა 100 ათასამდე ავიდა. მნახველების შემოსვლა ჩვენთან შეზღუდული არ იყო. პრობლემა არასდროს შეგვქმნია. 4 თვე ნახევარი ვიყავით და ამ პერიოდში ერთხელ მოვიდა დათა ახალაია", - განაცხადა ბიბილურიძემ. 


ასევე მიხეილ ბიბილურიძე ოქროყანაში განვითარებულ მოვლენებიც გაიხსენა.


„დამირეკა ალანიამ, წავედით მთაწმინდისკენ. მივედით ოქროყანის სასაფლაოსთან. ადგილზე დავინახეთ, რომ დავით ქოქიაშვილს  ერთ-ერთი პირი ძირს ჰყავდა დაგდებული. პირით ზევით დაწვენილი იყო. ქოქიაშვილი თავთან იყო და ზედ ფეხი ედგა. დავალებებს პირადად დათა ახალაიასგან ვიღებდი. მე და სამმართველოს ერთ-ერთ თანამშრომელს ავთანდილ აფციაურს, ლევან ბუხაიძე გვებარა, დავით ქოქიაშვილს და რამდენიმე სამართალდამცავს კი სანდრო გირგვლიანი.  ბუხაიძეს და გირგვლიანს ერთმანეთთან რამდენიმე ათეული მეტრი აშორებდათ. გასროლის ხმა გავიგეთ, მოგვიანებით გაირკვა, რომ ქოქიაშვილს გაუვარდა იარაღი. მერე ისმოდა გაურკვეველი ხმები. შემდეგ ჩამოვიდა და თქვა, რომ გაიქცა ის ნაბიჭვარიო", - განაცხადა ბიბილურიძემ.


ბიბილურიძის თქმით, მეორე დილას საინფორმაციო საშუალებებიდან გაიგო ოქროყანაში მომხდარის შესახებ და დეტალების გასარკვევად ალანიას დაურეკა, რომელმაც უთხრა, რომ მათ მიერ დაკავებული პიროვნება გაქცევისას ხევში გადავარდა და გაიყინა.

 

„მოგვიანებით გავიგე, რომ დათა ახალიას და ერთ-ერთ პიროვნებას შორის რესტორანში უთანხმოება მოხდა. გერონტი ალანიამ მითხრა, რომ ახალაიამ დამირეკა და მთხოვა, ამ პიროვნებისთვის ჭკუა მესწავლებინა", - აღნიშნა ბიბილურიძემ.


როგორც ბიბილურიძე აცხადებს, მომხდარის შემდეგ ის და ალანია „მოდულის" შენობაში დათა ახალაიას შეხვდნენ, სადაც ახალაიამ მათ განუცხადა, რომ ციხეში უნდა ჩამჯდარიყვნენ და რამდენიმე თვეში შეიწყალებდნენ.


„დათა ახალაიას გარდა, მერაბიშვილსა და ადეიშვილსაც შევხვდით. დათამ მითხრა, უნდა გავხდე მინისტრიო და ეს ყველაფერი რომ გამოვიდეს, თქვენი ციხეში წასვლაა საჭიროო. დავდექით ჩვეულებრივ, წინ ოპერატორი დაგვიდგა კამერით, იქ იდგნენ სპეცრაზმის ბიჭები, ხელბორკილები დავიდეთ ჩვენ თვითონ ფორმალურად. კარები გაიღო, ბიჭებმა ხელი გადამხვიეს სახეზე რომ არ გამოვჩენილიყავი და წავედით პროკურატურაში, სადაც დაგვაკავეს", - განაცხადა ბიბილურიძემ.


ბიბილურიძემ ასევე გაიხსენა დათა ახალაიას რეაქცია „ტელეიმედში" სანრდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტებზე.


„ეს სიუჟეტები გადიოდა, „დროებაში". ჩვენი მანქანა პატარკაციშვილის კამერამ რომ დააფიქსირა, შეხვედრაზე დათა ახალაია მეუბნება, რომ გირგვლიანის საფლავი უნდა ავაფეთქოო, აღარ და აღარ მთავრდება სიუჟეტები ყოველდღე გადისო. საფლავი უნდა ავაფეთქო, ამოვიყვანო სასახლე და უნდა მივუგდო პატარკაციშვილსო. იგივე ელის მერე პატარკაციშვილსაცო", - განაცხადა ბიბილურიძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner