ავტორი ანა ფერაძე
კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მერაბ ბერძენიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე „რეპორტიორთან" საუბრისას დიდი მოქანდაკის მოღვაწეობაზე ისაუბრა. გიორგაძის თქმით, საქართველომ დაკარგა უდიდესი ხელოვანი.
„მერაბ ბერძენიშვილი თანამედროვეობის უდიდესი ხელოვანი იყო. ის მემკვიდრეობა და შემოქმედება, რომელიც მან დაგვიტოვა, ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა. მისი მემკვიდრეობა კარგად ასახავს ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ქართელი კაცის ბუნებას. ვუსამძიმრებ ბატონი მერაბის ოჯახს და მთელ საზოგადოებას", - აღნიშნა მიხეილ გიორგაძემ.
დღეს ცნობილი მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი მერაბ ბერძენიშვილი საკუთარი სახლ-მუზეუმის ეზოში დაკრძალეს.
სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში გაიმართა. პანაშვიდს საზოგადო მოღვაწეები, მთავრობის წარმომადგენლები და მერაბ ბერძენიშვილის ახლობლები ესწრებოდნენ.
მერაბ ბერძენიშვილი 17 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.