სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, უწმინდესმა და უნეტარესმა ტაძარში შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და ღვთისმშობლობა მიულოცა. პატრიარქმა ბრძანა, რომ საქართველომ შეასრულა ღვთისმშობლისადმი ლოცვა, რომელიც უწმინდესის თქმით, სასწაულს მოახდენს.
„ყველას გილოცავთ შობას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, ღვთისმშობლობას, დიდუბობას. ეს წმინდა ტაძარი ის ადგილია, სადაც მრავალი ადამიანი მიდიოდა ფეხით, ფეხშიშველა და მიდიოდა რწმენით, რათა მიეღოთ თხოვნა და ღებულობდა მას. და აი, დღეს ჩვენ, მთელმა საქართველომ შეასრულა ღვთისმშობლისადმი ლოცვა და მე ვფიქრობ, ეს ლოცვა გააკეთებს სასწაულს. დღეს გადაწყდა ბედი საქართველოსი. ვერავითარი ხილული და უხილავი მტერი ვერაფერს დააკლებს საქართველოს მეოხებითა ყოვლადწმინდისა ღვთიმშობელისა. შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი თქვენ და სრულიად საქართველოს", - ბრძანა უწმინდესმა.