logo_geo
eng_logo
ლევილის მამული საქართველოს დღეს ოფიციალურად დაუბრუნდება
- +

23 სექტემბერი. 2016. 10:55


საფრანგეთის რესპუბლიკაში, დაბა ლევილის ტერიტორიაზე დღეს ხელი მოეწერება ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს, რითაც დასრულდება 25-წლიანი ისტორიული პროცესი და მამული მის კანონიერ მემკვიდრეს, ქართველ ხალხს დაუბრუნდება.


ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.


პარიზიდან 37 კილომეტრში მდებარე 45 000 კვადრატული მეტრი ფართობის ისტორიული მამულის საქართველოსათვის გადმოცემის აქტს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელს მოაწერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, ხოლო ფრანგული მხარიდან - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) მთავრობის წევრთა ოჯახები, კერძოდ - ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, აკაკი ჩხენკელის, სამსონ ფირცხალავას, ევგენი გეგეჭკორის შთამომავლები.


ისტორიული აქტის ხელმოწერის ცერემონიას დაესწრებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაშიეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი საფრანგეთში გოჩა ჯავახიშვილი, ლევილის მერიისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.


ლევილის მამული უნდა გახდეს სამუზეუმო მემორიალური ცენტრი, უნდა იქცეს კულტურისა და განათლების ცენტრად ქართველი ხალხისთვის", - განაცხადა იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა მარიამ სხილაძემ.

 


მისივე თქმით,  ლევილის მამულს აღდგენა-რეაბილიტაცია, სხვადასხვა ტიპის სამუშაოები სჭრიდება, რისთვისაც უკვე გაიწერა გეგმა და სამუშაოები 5 წლის ვადაში განხორციელდება.



მას შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, საქართველოს სხვადასხვა მთავრობა ცდილობდა მოლაპარაკებების წარმოებას, თუმცა მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში გახდა  შესაძლებელი, რომ მოლაპარაკებები ბოლომდე მისულიყო. მოლაპარაკებებს მართავდა სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი სახელმწიფო კომისია, რომლის შემდგენლობაშიც იყვნენ სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე და კონსული გოჩა ჯავახიშვილი. ორი წლის განმავლობაში კომისიამ არაერთი მოლაპარაკება გამართა ოჯახებთან, შედგა კომუნიკე.  სწორედ ამის საფუძველზე გაფორმდება 23 სექტემბერს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის ოჯახის წარმომადგენლებს შორის ხელმოწერა", - აღნიშნა სხილაძემ.



ლევილის მამულის საქართველოსათვის გადმოცემის პროცესი 25 წელია, მიმდინარეობს. მასში სხვადასხვა დროს უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მამულის გადმოცემის მიზნით შექმნილმა სპეციალურმა პარიტეტულმა კომისიამ 2014 წლიდან განსაკუთრებით აქტიურად დაიწყო მუშაობა და ეს პროცესი ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტის ხელმოწერამდე მიიყვანა, რომელიც 23 სექტემბერს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ლევილის მამულში საზეიმოდ გაფორმდება.

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner