logo_geo
eng_logo
მიხეილ ბიბილურიძის სკანდალური ჩვენება გირგვლიანის საქმეზე
- +

23 სექტემბერი. 2016. 11:10


კონტრდაზვერვის სამსახურის ყოფილმა თანამშრომელმა, გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთმა ყოფილმა მსჯავრდებულმა მიხეილ ბიბილურიძემ დღეს საქალაქო სასამართლოში დაკითხვის დროს განაცხადა, რომ დათა ახალაია მას და გერონტი ალანიას გაჩუმების სანაცვლოდ თანხას უგზავნიდა, რამაც საერთო ჯამში დაახლოებით 100 ათას დოლარი შეადგინა.


„სანამ გამოვიდოდით, ეს თანხა 100 ათასამდე ავიდა. მნახველების შემოსვლა ჩვენთან შეზღუდული არ იყო. პრობლემა არასდროს შეგვქმნია. 4-ნახევარი თვე ვიყავით და ამ პერიოდში ერთხელ მოვიდა დათა ახალაია", - განაცხადა ბიბილურიძემ. 


მიხეილ ბიბილურიძე ოქროყანაში განვითარებულ მოვლენებსაც იხსენებს და ამბობს, რომ მომხდარის შესახებ მეორე დღეს საინფორმაციოს საშუალებით შეიტყო.


„დამირეკა ალანიამ, წავედით მთაწმინდისკენ. მივედით ოქროყანის სასაფლაოსთან. ადგილზე დავინახეთ, რომ დავით ქოქიაშვილს  ერთ-ერთი პირი ძირს ჰყავდა დაგდებული. პირით ზევით დაწვენილი იყო. ქოქიაშვილი თავთან იყო და ზედ ფეხი ედგა. დავალებებს პირადად დათა ახალაიასგან ვიღებდი. მე და სამმართველოს ერთ-ერთ თანამშრომელს ავთანდილ აფციაურს, ლევან ბუხაიძე გვებარა, დავით ქოქიაშვილს და რამდენიმე სამართალდამცავს კი - სანდრო გირგვლიანი. ბუხაიძეს და გირგვლიანს ერთმანეთთან რამდენიმე ათეული მეტრი აშორებდათ. გასროლის ხმა გავიგეთ, მოგვიანებით გაირკვა, რომ ქოქიაშვილს გაუვარდა იარაღი. მერე ისმოდა გაურკვეველი ხმები. შემდეგ ჩამოვიდა და თქვა, რომ გაიქცა ის ნაბიჭვარიო", - განაცხადა მიხეილ ბიბილურიძემ.



როგორც ბიბილურიძე აცხადებს, დეტალების გასარკვევად ალანიას დაურეკა, რომელმაც უთხრა, რომ მათ მიერ დაკავებული პიროვნება გაქცევისას ხევში გადავარდა და გაიყინა.


„მოგვიანებით გავიგე, რომ დათა ახალიას და ერთ-ერთ პიროვნებას შორის რესტორანში უთანხმოება მოხდა. გერონტი ალანიამ მითხრა, რომ ახალაიამ დამირეკა და მთხოვა, ამ პიროვნებისთვის ჭკუა მესწავლებინა", - აღნიშნა ბიბილურიძემ.


ბიბილურიძის თქმით, ახალაიამ მომხდარის შემდეგ შეხვედრისას განუცხადა, რომ მათი ციხეში წასვლა იყო საჭირო.


„დათა ახალაიას გარდა, მერაბიშვილსა და ადეიშვილსაც შევხვდით. დათამ მითხრა, უნდა გავხდე მინისტრიო და ეს ყველაფერი რომ გამოვიდეს, თქვენი ციხეში წასვლაა საჭიროო. დავდექით ჩვეულებრივ, წინ ოპერატორი დაგვიდგა კამერით, იქ იდგნენ სპეცრაზმის ბიჭები, ხელბორკილები დავიდეთ ჩვენ თვითონ ფორმალურად. კარები გაიღო, ბიჭებმა ხელი გადამხვიეს, სახეზე რომ არ გამოვჩენილიყავი და წავედით პროკურატურაში, სადაც დაგვაკავეს", - განაცხადა ბიბილურიძემ.


ბიბილურიძემ ასევე გაიხსენა დათა ახალაიას რეაქცია „ტელეიმედში" სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით გასულ სიუჟეტებზე.

 

„ეს სიუჟეტები გადიოდა „დროებაში". ჩვენი მანქანა პატარკაციშვილის კამერამ რომ დააფიქსირა, შეხვედრაზე დათა ახალაია მეუბნება, რომ გირგვლიანის საფლავი უნდა ავაფეთქოო, აღარ და აღარ მთავრდება, სიუჟეტები ყოველდღე გადისო. საფლავი უნდა ავაფეთქო, ამოვიყვანო სასახლე და უნდა მივუგდო პატარკაციშვილსო. იგივე ელის მერე პატარკაციშვილსაცო", - განაცხადა ბიბილურიძემ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner