„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა აკაკი ზოიძემ „TV პირველის" ეთერში პოლიტიკური პარტიების სოციალურ საკითხებზე წინასაარჩევნო დაპირებების შეფასებისას განაცხადა, რომ დაპირებების გაცემა ადვილია ოპონენტი პარტიებისთვის, რადგან არცერთ მათგანს უმრავლესობაში მოსვლა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება არ ემუქრება.
მისი თქმით, „ქართული ოცნების" პრიორიტეტები საქართველოს მოქალაქეების საჭიროებებია.
„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში „ქართული ოცნების" ხელისუფლება ალბათ ერთადერთი ხელისუფლებაა, რომელმაც არა დეკლარირებული, არამედ რეალური პრიორიტეტი გახადა ჩვენი მოქალაქეების საჭიროებები", - განაცხადა ზოიძემ.
მმართველი პარტიის წევრის შეფასებით, ადვილია ისეთი დაპირებების გაცემა ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, როგორსაც „ქართული ოცნების" ოპონენტი პარტიები იძლევიან, რადგან ეს დაპირებები არარეალურია.
„ჩვენი მოწინააღმდეგების ელექტორატის დიდ ნაწილს წარმოადგენენ პენსიონერები. მათი დაპირებები, დაწყებული 350 ლარიდან დამთავრებული 2000 ლარამდე, როდესაც 100 წლის გახდებიან პენსიონერები, მესმის, მაგრამ ისიც კარგად უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ასეთი დაპირებების გაცემა ადვილია ჩვენი ოპონენტი პარტიებისთვის, რადგან არცერთ მათგანს უმრავლესობაში მოსვლა და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება არ ემუქრება", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.