თბილისის საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სრულად დააკმაყოფილა მოსარჩელე ილია ჭანტურიას სარჩელი, მოპასუხე საქართველოს სახალხო დამცველის მიმართ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ბათილად იქნა ცნობილი ორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელეს დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება და გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან".
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სახალხო დამცველს დაევალა მოსარჩელის სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
„წარმოდგენილ სასარჩელო განცხადებაში, მხარემ მიუთითა რომ 2014 წლის აგვისტოდან 2016 წლის 11 ივლისამდე იკავებდა სახალხო დამცველის აპარატის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. მის მიმართ 2016 წლის აპრილში, გამოიცა სამართლებრივი აქტი ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილების მიცემის თაობაზე.
აქტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენდა ერთი წლით ადრე, 2015 წელს მომხდარი ფაქტი, როდესაც მოსარჩელე დაინტერესდა სახალხო დამცველის მოადგილის მიერ ჩატარებული თათბირის შინაარსით და აღნიშნულის შესახებ კითხვები დაუსვა სახალხო დამცველის აპარატის სხვა თანამშრომლებს. აღნიშნული შემთხვევა დისციპლინური საქმისწარმოების კომისიის მიერ მიჩნეულ იქნა ილია ჭანტურიას მხრიდან ხელმძღვანელი თანამდებობის პირის დისკრედიტაციად.
მეორე მხრივ, ადმინისტრაციული სახდელის სახით გაფრთხილების მიცემის თაობაზე გამოცემულ აქტში მითითებული იყო, რომ მოსარჩელე ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, კერძოდ, ვერ უზრუნველყოფდა სხვადასხვა სახის ტრენინგებისა და სემინარების ჩატარებას თანამშრომელთა გადამზადების მიზნით.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ მის მიმართ, მეორე დისციპლინური წარმოება თანამდებობიდან გათავისუფლებით დასრულდა 2016 წლის ივლისში.
აღნიშნულ ბრძანებას, საფუძვლად დაედო ილია ჭ.-ს მხრიდან პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დარღვევა. კერძოდ, 2016 წლის აპრილში გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელემ გაასაჩივრა სასამართლოში და დისკრიმინაციის ფაქტის დასადასტურებლად წარადგინა სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომელთა პრემიების შესახებ პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია, რაც დისციპლინური საქმისწარმოების კომისიის მიერ შეფასდა პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის დარღვევად.
ამას გარდა, თანამდებობიდან გათავისუფლების კიდევ ერთი საფუძველი გახდა ილია ჭ.-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საქმისწარმოების პროგრამაში ახალი, კორექტირებული განცხადებით ჩანაცვლებულიყო უკვე რეგისტრირებული წერილი.
მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ ზემოხსენებული გარემოებები უსაფუძვლოა, შესაბამისად, მათზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილებები გაფრთხილების მიცემისა და გათავისუფლების თაობაზე უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
მოპასუხე მხარემ განმარტა, რომ ილია ჭ. ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, მოახდინა ხელმძღვანელი თანამდებობის პირის დისკრედიტაცია და მის მიერ საქმისწარმოების პროგრამაში შეცვლილი განცხადების გამო, მედიასაშუალებაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სამსახურიდან პირის დაუსაბუთებლად დათხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლითა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლისა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული შრომითი და პირადი ცხოვრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევას.
სასამართლომ საქმეში არსებული მასალების გამოკვლევისა და მოწმეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, მიიჩნია მოსარჩელეზე დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების საფუძვლები არ წარმოადგენდა ადმინისტრაციულ გადაცდომას, უფლებამოსილების გადამეტებას ან ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. ასევე სასამართლომ არ გაიზიარა მითითება, რომ მოსარჩელე თავს ვერ ართმევდა დაკისრებულ მოვალეობას, ვინაიდან კონკრეტული უნარ-ჩვევების არქონა არ შეიძლება საფუძვლად დაედოს დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებას საჯარო მოხელის მიმართ, ვინაიდან ამ საფუძვლით თანამდებობიდან გათავისუფლების წესსა და პირობებს კანონმდებლობა არეგულირებს.
საქართველოს სახალხო დამცველმა, პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის მიერ კონკრეტული საკითხის შესწავლამდე, ამ მონაცემების შემცველი ინფორმაციის სასამართლოში წარდგენა მიიჩნია დარღვევად, რაც სასამართლოს შეფასებით წარმოადგენს უფლებამოსილებათა ინსტიტუციურ აღრევას.
სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ განცხადების ცვლილება არ წარმოადგენს საქმის წარმოების წესის დარღვევას, ვინაიდან მოწმეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგინდა, რომ მსგავსი პრაქტიკა სახალხო დამცველის აპარატში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არსებობდა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ქმედება, თუნდაც შეფასებულიყო როგორც გადაცდომა, ეს არ წარმოადგენდა პროპორციულ ღონისძიებას.
აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში", - ნათქვამია განცხადებაში.