ექვსი წლის ამერიკელმა ბიჭუნამ ბარაქ ობამას წერილი გაუგზავნა, რომელშიც პრეზიდენტს ალეპოს დაბომბვისას დაშავებული სირიელი ბავშვის პოვნას და მის აშშ-ში ჩამოყვანას სთხოვს.
„ძვირფასო პრეზიდენტო ობამა, გახსოვთ ბიჭი, რომელიც სირიაში სასწრაფო დახმარების მანქანაში ზის? შეგიძლიათ, ის იპოვოთ და ჩვენს სახლში მოიყვანოთ? ჩვენ დაგხვდებით დროშებით, ყვავილებითა და ბუშტებით. ჩვენ მას ოჯახს მივცემთ და ის ჩვენი ძმა იქნება. სკოლაში სირიელი მეგობარი მყავს, ომარი, ჩვენ გავაცნობთ მას და ერთად ვითამაშებთ ხოლმე", - წერს ექვსი წლის ალექსი.
პრეზიდენტმა ობამამ ალექსის წერილი ლტოლვილთა საკითხისადმი მიძღვნილ გაერო-ს სამიტზე წაიკითხა.
„ეს ექვსი წლის ბიჭის სიტყვებია. მან ჩვენ ბევრი გვასწავლა. ჩვენ უფრო მეტად უნდა დავემსგავსოთ ალექსს", - აღნიშნა ბარაქ ობამამ.