პარლამენტის წევრმა ვალერი გელაშვილმა გადაცემაში „20/30" განაცხადა, რომ კმაყოფილია იმით, რომ განაჩენი დადგა იმ პირების მიმართ, რომლებმაც დავალება შეასრულეს და მასზე თავდასხმა მოახდინეს.
„ჩემზე თავდასხმის ბრძანება სააკაშვილმა გასცა, მერაბიშვილმა, კოდუამ და სირაძემ კი, მისი დავალება შეასრულეს. რამდენიც საჭიროა, იმდენი წელი დაველოდები, რომ განაჩენი მიხეილ სააკაშვილის მიმართაც დადგეს", - განაცხადა ვალერი გელაშვილმა.
მისი თქმით, სპეცრაზმელებს, რომლებმაც ბრძანება შეასრულეს, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ვალერი გელაშვილი ქვეყნის მტერი იყო, რომელიც უნდა გაენეიტრალებინათ, მოგვიანებით კი გაიგეს, რომ ის სინამდვილეში ვალერი გელაშვილი იყო.
გელაშვილი დასძენს, რომ მას არანაირი პრეტენზია არ აქვს სპეცრაზმის თანამშრომლებთან, რადგან ისინი ქვეყნის პირველი პირის დავალებას ასრულებდნენ და უფლება არ ჰქონდათ, ქვეყნის მტრის განეიტრალების ბრძანება არ შეესრულებინათ.
„სპეცრაზმელებმა, რომლებმაც დავალება შეასრულეს, იმ მომენტში იცოდნენ, რომ მე ქვეყნის მტერი, შეიარაღებული პირი ვიყავი და საჭირო იყო ჩემი განეიტრალება. მათ დღის ბოლოს გაიგეს, რომ თავდასხმა ვალერი გელაშვილზე მოახდინეს. მე მომდიოდა ინფორმაცია, რომ ისინი ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას ძალიან ნანობდნენ. მათ იცოდნენ, რომ ოდესმე პასუხს აგებდნენ. სპეცრაზმელები ქვეყნის სამსახურში იყვნენ და როცა პირველი პირი ბრძანებას იძლევა, მათ უფლება არ ჰქონდათ, ქვეყნის მტრის განეიტრალების ბრძანება არ შეესრულებინათ. მათ წინაშე მე პრეტენზია არ მაქვს და არც არასდროს მექნება", - განაცხადა ვალერი გელაშვილმა.