ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" გოგა ხაინდრავას ფილმ „ჰეროკრატიაზე" საუბრობს და ამბობს, რომ ამ ფილმს დიდი მნიშვნელობა აქვს იმ მხრივ, რომ მომავალმა თაობა გაითვალისწინოს, როგორი შეიძლება იყოს საკუთარი ხელისუფლება, თუ მას სწორად არ აირჩევს.
„ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9 წელიწადი იყო ძალიან განსაკუთრებული, შეიძლება მსგავსი საქართველოს და კიდევ ბევრი ქვეყნის ისტორიას არ ახსოვს. საკუთარი ხელისუფლებისგან ასეთი ზეწოლა მოსახლეობაზე უპრეცედენტო იყო. ამ ფილმს ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მომავალმა თაობამ გაითვალისწინოს, როგორი შეიძლება იყოს საკუთარი ხელისუფლება, თუ მას არ აირჩევს სწორად. მე არ მივადევნებ თვალს რეიტინგს. „რუსთავი 2"-ს და „ტაბულას" არ აწყობთ ამ ფილმის მაღალი რეიტინგი. ჩემმა მეუღლემ ბოლომდე ვერ უყურა, მე ვუყვებოდი. ცრემლის გარეშე ვერ მოვუყევი. ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა ამ ფილმმა, თუ ასეთი შთაბეჭდილება მოახდინა, ესე იგი მომეწონა. კარგად აღადგინა სურათი, რაც ხდებოდა. არა მგონია უცხოელებზე მოახდინოს ასეთი შთაბეჭდილება, რადგან ჩვენ კარგად ვიცოდით, რა ხდებოდა, შესაბამისად, როცა საქართველოს მოქალაქე უყურებს ამ ფილმს, უცხოელისგან განსხვავებული განცდები ექნება", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.