logo_geo
eng_logo
ეკა სირაძე-დელონე: მოლაპარაკებების მე-12 წელს ლევილის მამული უბრუნდება საქართველოს
- +

23 სექტემბერი. 2016. 13:11



საფრანგეთში საქართველოს ელჩმა ეკა სირაძე-დელონემ ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ლევილის გადმოცემა პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების „მორალური ანდერძის" აღსრულებაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის აღიარების ჭრილში.


ელჩი მადლობას უხდის ყველას, ვინც მოლაპარაკებების 12 წლის განმავლობაში პატარა აგური მაინც დადო ამ უაღრესად მნიშვნელოვან სახელმწიფო საქმეში.

 

ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის შემსწრე ვართ. ლევილი, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა 1927 წელს შეიძინეს და სადაც საბჭოთა ოკუპაციის განმავლობაში დაფუძნდა ანექსირებული საქართველოს პოლიტიკური ემიგრაცია, 89 წლის შემდეგ უბრუნდება საქართველოს, გადმოდის საქართველოს მფლობელობაში. ლევილის საქართველოზე გადმოცემის პირველი ნაბიჯები გადაიდგა დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე წელიწადში, ყველას გვახსოვს ალბათ გურამ შარაძის მოგზაურობა ლევილში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაში 2004 წლიდან შევიდა, ხოლო დღეს, 2016 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავზე, მოლაპარაკებების მე-12 წელს ლევილის მამული უბრუნდება საქართველოს", - განაცხადა ელჩმა.


მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესში საკმაოდ იაქტიურეს და მოლაპარაკებებზე დადებითი გავლენა იქონიეს ოჯახების წარმომადგენლებმაც.


არ შეიძლება არ აღინიშნოს გელა დუმბაძის ხელმძღვანელობით, მისი და კომისიის დანარჩენი წევრების, ძალისხმევა ამ საქმის წარმატებით დასრულებაში, არ შემიძლია აქვე არ აღვნიშნო გოჩა ჯავახიშვილი, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს დესპანი და მისი განსაკუთრებული წვლილი, თეა წულუკიანი და მისი თავდადება. ასევე აღნიშვნას საჭიროებს ისიც, რომ საკამოდ იაქტიურეს და მოლაპარაკებებზე დადებითი გავლენა იქონიეს ოჯახების წარმომადგენლებმაც. პირადად კი მიხარია, რომ ლევილი სწორედ ჩემი ელჩობის პერიოდში უბრუნდება საქართველოს და ამაყი ვარ, რომ ჩემი საფრანგეთში ყოფნის 3 წლის განმავლობაში მცირედი წვლილი მაინც მიმიძღვის ამ საქმის წარმატებით დაგვირგვინებაში", - განაცხადა ელჩმა.


დღეს „ლევილის შატოსა და მამულის" საქართველოსთვის გადმოცემის საბოლოო აქტს ხელი მოეწერება.


ხელმოწერის ცერემონია ლევილის ქართულ მამულში გაიმართება. აქტს ხელი მოეწერება საქართველოს მთავრობის მხრიდან დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა ოჯახების წარმომადგენლების მიერ. ხელმოწერას დაესწრებიან საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე. ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ გაიმართება მიღება.

 

საქართველოს მთავრობამ, 2016 წლის სექტემბერში, დაასრულა მოლაპარაკებები ლევილის მამულის" საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე, რომელსაც აწარმოებდა იმ ოჯახების წარმომადგენლებთან, ვის სახელზეც დარეგისტრირებული იყო საფრანგეთში, პოლიტიკურ ემიგრაციაში მყოფი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მიერ, 1927 წლის 10 თებერვალს, საქართველოს სახელმწიფოს ფინანსური სახსრებით შეძენილი ლევილის მამული და ქონება. საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრების მიერ დატოვებული მორალური ანდერძის" თანახმად, საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, მამული თავის კანონიერ მესაკუთრეს, ქართველ ერს, უნდა დაბრუნებოდა.

 

ლევილის მამულის" დაბრუნების შესახებ მოლაპარაკებათა პროცესი დაიწყო 1998 წელს, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საზოგადოებას „ქართული კერა" შორის, რომელიც მალევე შეჩერდა.

 

2016 წლის 26 მაისს, საქართველოს ეროვნული დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მიწვეულმა „ხელმომწერი ოჯახების" წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს განზრახულობათა პროტოკოლს", რომლის თანახმადა, მხარეებმა ვალდებულება აიღეს, რომ მამულის საბოლოო გადაცემის აქტის ხელმოწერა, ნოტარიუსის წინაშე, 2016 წლის 20 სექტემბრამდე განხორციელდებოდა", - აცხადებენ საელჩოში.


მათივე განმარტებით, მთავრობის გადაწყვეტილებითა და პრემიერ-მინისტრის 2016 წლის 21 ივლისის რიგით მეორე განკარგულებით, ლევილის მამულის რეაბილიტაციისა და მისი შემდგომი მოწყობის მიზნით, განისაზღვრა 5 600 000 ევრო, მამულის რეაბილიტაციისათვის საჭირო სამუშაოთა 10-წლიანი შემუშავებული გრაფიკის ფარგლებში. ამავე განკარგულებით გადაწყდა სპეციალური ანგარიშის გახსნა, სადაც მობილიზებული იქნება კერძო პირთა შენატანები, რაც ასევე მამულის მომავალ განვითარებას მოხმარდება. ამავე განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, გათვალისწინებულია 10 000 ევრო, რომელიც მოხმარდება ლევილის ქართველ მამულიშვილთა საფლავების რესტავრაციას.


„პარიტეტული კომისიის" ფარგლებში განხილვების შედეგად გადაწყდა, რომ ლევილის მამულში დაარსდება: „პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრი. ლევილის ქართული აკადემია". საქართველო ვალდებულებას იღებს, ცენტრის ფარგლებში მოეწყოს ისტორიული სამუზეუმო სივრცე, რომელიც ასახავს, საქართველოს დამოუკიდებელი, პირველი რესპუბლიკის (1918-1921წწ.) პოლიტიკურ ემიგრაციას. მოეწყობა და შესაბამისად, აღიჭურვება საარქივო სივრცე, ბიბლიოთეკა, სამკითხველო და საკონფერენციო დარბაზები. ქართული აკადემიის ფარგლებში კი მოეწყობა სახელოსნო - საცხოვრებელი ბინები, რომელიც როტაციის წესით, უმასპინძლებს ხელოვანებსა თუ მკვლევარებს.


აღსანიშნავია, რომ 2011 წელს ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში, საქართველო ვალდებულებას იღებს, საცხოვრებლით უზრუნველყოს ის პირები, რომლებიც „ასოციაცია ქართულ კერასთან" გაფორმებული კომოდატის ფარგლებში ამჟამად ცხოვრობენ მამულის ტერიტორიაზე.


აღნიშნულ ღონისძიებათა განხორციელების შემდეგ, ლევილის მამული შეინარჩუნებს მის ისტორიულ მნიშვნელობას და ამავდროულად შეიძენს ახალ, მომავალზე ორიენტირებულ, თანამედროვე დინამიკასთან თანხვედრაში მყოფ დანიშნულებას.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner