ორგანიზაცია „დაიცავი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის კახა მიქაიას განცხადებით ინტერნეტსივრცეში განთავსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების უკან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დგას.
მიქაია „კვირასთან" საუბრისას ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები, მათ შორის, მეგის ქარდავა პოლიტიკოსებზე თვალთვალს სწორედ მიხეილ სააკაშვილის დავალებით ახორციელებდნენ.
„მე ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ჩანაწერების გავრცელების უკან დგას პირადად მიხეილ სააკაშვილი და ის მართავს პროცესს. მეგის ქარდავაც, თენგიზ გუნავაც, ბაჩო ახალაიაც სააკაშვილის „პაიკები" იყვნენ და მის გარეშე ვერაფერს გადაიღებდნენ და ვერც გაავრცელებდნენ.
მეგის ქარდავას ეს კადრები აუცილებლად ექნებოდა გადანახული და ახლა შანტაჟისთვის იყენებენ. არსებულმა ხელისუფლებამ კი გაანადგურა მასალები, თუმცა ყოფილ ხელისუფლების მაღალჩინოსნების მათი ასლები თან აქვთ. ჩვენი მთავრობის ვალია მკაცრა დასაჯოს ყველა ის პირი ვინც ასეთ ბინძურ მეთოდებს მიმართავს და სხვისი პირადი ცხოვრებით სპეკულირებს. ასეთი ადამიანები დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ", - აცხადებს მიქაია.