„პატრიოტთა ალიანსის" კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ ჭიქაშვილი „მარშალპრესში" გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობს. მისი თქმით, სააკაშვილი პროვოკაციების მოწყობას თურქეთიდან გეგმავს.
„ყველას კარგად ახსოვს, „ნაციონალური მოძრაობა" როგორ უპირისპირდებოდა მშვიდობიან მოსახლეობას. „ნაციონალებისა" და მიხეილ სააკაშვილის თავში ყველა იდეა, ზიზღითა და ბოღმით არის განპირობებული. მიხეილ სააკაშვილი პირდაპირ მიუთითებდა ხალხს, რომ საკუთარი ქვეყანა და ხალხი ფეხებზე ჰკიდია. სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და გახდა სხვა ქვეყნის ოლქის გუბერნატორი. კარგად გვახსოვს, წინა არჩევნებზე სარფში მოცუცქდა, სადაც ჩაის მიირთმევდა და თავისიანებს იქიდან მოუწოდებდა. ახლაც იმავეს აპირებს. ჩვენ გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია, რაზეც მე და ირმა ინაშვილმა პრესკონფერენცია გავმართეთ. ეს ინფორმაცია არ გვაქვს მხოლოდ შიგნიდან, ჩვენ 9 წლის განმავლობაში მიშა სააკაშვილის მარტო აქ კი არა, ყველგან ვებრძოდით, პირადად მე დავით თარხან-მოურავთან და ირმა ინაშვილთან ერთად გერმანიაში, ბრიუსელში, სტრასბურგში, საფრანგეთში. ვინმეს რომ არ გაუჩნდეს კითხვა, თუ რატომ გადავიდა დავით თარხან-მოურავი აჭარის უზენაესი საბჭოს სიაში, გეტყვით, რომ ჩვენი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი აჭარის მხრიდან გეგმავს პროვოკაციების მოწყობას. იქიდან უნდა პროვოცირების მოაწყობა. ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება გარკვეულ ზომებს მიიღებს", - აცხადებს მერაბ ჭიქაშვილი.