განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ბათუმში თურქული სკოლა თავდაპირველად თურქეთის მოქალაქეებისთვის იქნება, ხოლო აკრედიტაციის გავლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც.
„ბათუმის სკოლაზე გარკვეულწილად მესიჯები არასწორად გავრცელდა. ჩვენ ბათუმის სკოლასთან დაკავშირებით კომუნიკაცია თვეებია უკვე გვაქვს. გვქონდა შეთანხმება თურქულ მხარესთან და ეს შეთანხმება დღესაც გვაქვს. გუშინაც ვესაუბრე ელჩს და გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, რომ ეს სკოლა განვავითაროთ ერთად. ის იქნება თურქეთის მოქალაქეებისთვის ამ ეტაპზე, შემდეგ ის იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის, მას შემდეგ რაც გაივლის აკრედიტაციას და გახდება ჩვენი სისტემის ნაწილი", - განაცხადა ჯეჯელავამ.
ახალი სკოლა თურქეთის მთავრობის მიერ არის დაფინანსებული. გახსნის ღონისძიებას თურქეთის განათლების სამინისტროს, ასევე საქართველოში თურქეთის დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. არსებული ინფორმაციით, სკოლაში სწავლა ბათუმში მცხოვრები თურქი ოჯახების შვილებს შეეძლებათ. პედაგოგებიც თურქეთის მოქალაქეები იქნებიან. სწავლება თურქულ ენაზე მოხდება, სასწავლო პროგრამა კი თურქეთის განათლების სამინისტროს დაექვემდებარება.