logo_geo
eng_logo
8 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 3 510 514-ს შეადგენს
- +

23 სექტემბერი. 2016. 16:16



ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მედიას საარჩევნო ადმინისტრაციის შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში პარლამენტის არჩევნების დანიშვნის დღიდან, მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 8 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა მნიშვნელოვან საქმიანობას ასახავს.




ძალიან ბევრი სიახლე  და სერვისი შევთავაზეთ ჩართულ მხარეებსა და ამომრჩევლებს, მაგრამ მთავარი სიახლე, რომელიც დღეს გავაჟღერეთ გახლავთ ის, რომ ნებისმიერ მსურველს, პირდაპირ - ონლაინ  რეჟიმში, ფეისბუქისა" და იუთუბის" მეშვეობით შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია და საჯაროდ ნახონ, როგორ ითვლება ხმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. 360-გრადუსიანი სპეციალური ვიდეოკამერის მეშვეობით ჩვენ შესაძლებლობას ვაძლევთ ნებისმიერ მსურველს, რომ სოციალური ქსელების მეშვეობით, პირდაპირ, საჯაროდ დააკვირდნენ ხმის დათვლის პროცესს ცესკოში. აქ შემოდის ოქმები,  ხდება ოქმებისა და მონაცემების დამუშავება  და ნებისმიერს შეუძლია ეს პროცესი ნახოს  საჯაროდ. ეს არის ჩვენ მიერ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯი გამჭვირვალობისთვის, ხელმისაწვდომობისთვის და იმისთვის, რომ შედეგების მიმართ ნდობა იყოს მაქსიმალურად მაღალი", - განუცხადა ჟურნალისტებს ცესკო-ს თავმჯდომარემ.



სპეციალურად მედიისთვის გამართულ პრეზენტაციაზე თამარ ჟვანიამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ამომრჩევლებზე, საუბნო საარჩევნო კომისიებზე, დამკვირვებლებზე, ცესკოს საინფორმაციო კამპანიაზე, ჩართულ მხარეებთან თანამშრომლობაზე, ცესკოს გენდერულ პოლიტიკაზე.




ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა  12 აგვისტოს მდგომარეობით, 3 510 514-ს  შეადგენს, მათ შორისაა  1 887 130  (53.75%) ქალი და  1 623 384 (46.24%) კაცი. 




ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემების გადამოწმების გამარტივების მიზნით, ცესკო-მ  ამომრჩეველს არაერთი ახალი სერვისი შესთავაზა. მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია ცესკო-ს ოფიციალური ვებ-გვერდის (ვოტერს.ცეც.გოვ.გე) მეშვეობით; წელს პირველად მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი და ოჯახის წევრების მონაცემები გადაემოწმებინათ საქართველოს მასშტაბით განთავსებულ 7000 სწრაფი გადახდის ტერმინალში, ასევე ანდროიდის სისტემაზე მორგებული მობილური ტელეფონის ან/და პლანშეტის საშუალებით. ამომრჩეველს ასევე შეუძლია მიიღოს ინფორმაცია, თუ რომელ საარჩევნო უბანზეა რეგისტრირებული და რუკაზე ნახოს მისი ადგილმდებარეობაც. მნიშვნელოვანია, რომ ცესკო-ს მიერ შეთავაზებული მონაცემთა გადამოწმების სერვისით 10 ივნისიდან 945 761 ამომრჩეველმა ისარგებლა.




მიმდინარე წლის 8 სექტემბრის მდგომარეობით, რეგისტრაციაში გატარდა 25 საარჩევნო სუბიექტი, მათ შორის 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი, 28 პარტიას კი უარი ეთქვა/გაუუქმდა რეგისტრაცია. ასევე რეგისტრირებულია 57 საინიციატივო ჯგუფი.




რაც შეეხება საარჩევნო უბნებს, 8 ოქტომბრის არჩევნები 73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, 3634 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. სხვა სახელმწიფოებში 56 უბანი შეიქმნა. ავღანეთში კი - 2 საარჩევნო უბანი: ბაგრამის და მაზარი-შარიფის საარჩევნო უბნები.




არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ამ დროისთვის, ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაცია გაიარა 74 ადგილობრივმა და 32 საერთაშორისო (მათ შორისაა 20 საარჩევნო ადმინისტრაცია და 4 ქვეყნის საელჩო) ორგანიზაციამ. აკრედიტაცია 34   მედიასაშუალებამ გაიარა.




თამარ ჟვანიას თქმით, საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ ჩართული მხარეებისა და ამომრჩევლის დროულად ინფორმირების მიზნით ცესკო-მ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი, მომხმარებელზე მორგებული და ინფორმაციული ვებ-გვერდი შექმნა. ცესკო-ს  ვებ-გვერდი საქართველოში პირველია, რომელიც სრულად ადაპტირებულია უსინათლო ამომრჩევლისათვის. გარდა ამისა, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის და საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მიზნით, ცესკო-მ არაერთი ნაბიჯი გადადგა შშმ პირებთან და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების, ადაპტირებული საარჩევნო უბნების რაოდენობის ზრდის, საარჩევნო დოკუმენტაციის ეთნიკური უმცირესობების ენებზე თარგმნის მიმართულებით.




ცესკო-ს ინიციატივით, საარჩევნო ადმინისტრაციის და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ქცევის კოდექსს და შეთანხმდნენ, რომ თავისი საქმიანობის განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობით, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით და აღნიშნული ქცევის კოდექსით იხელმძღვანელებენ.



ცესკო-მ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიასა და ცხრა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას შორის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხუთი პოლიტიკური პარტია შეუერთდა. დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები საქართველოს ორგანული კანონის „საარჩევნო კოდექსი" 45-ე, 48-ე და 49-ე მუხლების ნორმების ერთგვაროვან განმარტებაზე შეთანხმდნენ.



თამარ ჟვანიამ დღეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცესკო-ს სწავლების ცენტრი უზრუნველყოფს საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას. მისივე თქმით, შემუშავდა სახელმძღვანელო ინსტრუქციები საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის, რომლებიც ითარგმნა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ასევე, ჩატარდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამები საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის, შეიქმნა დამხმარე სახელმძღვანელოები ადგილობრივი თვითმმართველობების იურისტებისა და მედიისთვის. ჩართული მხარეებისთვის ასევე ხელმისაწვდომია დისტანციური სასწავლო პროგრამა.



ასევე აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ თავისი საქმიანობის ისტორიაში პირველად დაამტკიცა გენდერული თანასწორობის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ადმინისტრაციის პრინციპულ და პროფესიულ მიდგომას გენდერული თანასწორობის მიმართ, რითაც საარჩევნო პროცესებში ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას სტრატეგიული მნიშვნელობა ენიჭება.



როგორც მედიასთან დღეს გამართულ შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მნიშვნელოვანი საქმიანობების შესახებ, რაც აუცილებელია გამჭვირვალე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner