logo_geo
eng_logo
მიხეილ ყაველაშვილი: სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესი პრიორიტეტი უნდა იყოს
- +

ავტორი ანა ფერაძე

23 სექტემბერი. 2016. 17:44





„ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა „რეპორტიორთან" წინასაარჩევნო გეგმებზე და ქვეყანაში სპორტის განვითარებაზე ისაუბრა. როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო გარემო მშვიდად მიმდინარეობს.


ყაველაშვილის თქმით, სპორტის განვითარება და ჯანსაღ ცხოვრებაზე ზრუნვა აუცილებელია, შესაბამისად, მისი გადაწყვეტილება, პოლიტიკაში ჩართულიყო, სწორედ სპორტის განვითარებას ეხებოდა, რათა დღეისთვის სპორტში არსებული უამრავი პრობლემის მოგვარებაში თავისი წვლილი შეეტანა.

 

- როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს?

 

- დღეს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესებს თავს კარგად ართმევს. როცა მოსახლეობასთან შეხვედრები მაქვს, ვხედავ, რომ პროცესები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.


- „ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა „მშვიდობის მემორანდუმი", რომელიც კონტრაქციების არჩატარებას გულისხმობს. თუ არის მოსალოდნელი პროვოკაციები სხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან?

 

- ერთ-ერთი პარტია, რომელიც აგრესიით გამოირჩევა და საზოგადოებას თავი აგრესიით დაამახსოვრა ეს „ნაციონალური მოძრაობაა". ხშირად მათი ლექსიკა მძაფრ რეაქციას იწვევს. სწორედ ასეთი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად, კარგი იქნება, თუ პოლიტიკური პარტიები „მშვიდობის მემორანდუმს" ხელს მოაწერენ. ყველა პოლიტიკურმა პარტიამ თავის აქტივისტებს უნდა მოუწოდოს მშვიდობისკენ. რათა 8 ოქტომბრის არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს.

 

- თუ ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და თან მაჟორიტარი დეპუტატი იქნება, შექმნის თუ არა ეს პრობლემებს საფეხბურთო სფეროში?

 

- ჩვენს გუნდს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები შეადგენენ. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ადამიანების არჩევანს. ყველას თავისი შეხედულება აქვს. თუ ლევან კობიაშვილმა გადაწყვიტა, რომ მას შესწევს ძალა, ორივე საქმეს ერთად თავი გაართვას, ეს მისი პასუხისმგებლობაა. თუმცა ჩემთვის რთული იქნებოდა ამხელა პასუხისმგებლობის აღება.


ფეხბურთი მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა, დღეს მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა, მაგრამ ჯერ სრულყოფამდე ძალიან შორს ვართ და ბევრი რამეა გასაკეთებელი.


ჯანსაღი ცხოვრების წესი და ფეხბურთი ჩვენი ცხოვრების ნაწილია. სამწუხაროა, რომ დღეს ძალიან ცოტა დრო ეთმობა ჯანსაღი ცხოვრების წესს.


- რა პრობლემები აქვთ მოსახლეობას ვისაც თქვენ ხვდებით?

 

- ძირითადი პრობლემები მოგვარებულია, მაგრამ მოსახლეობა, რომელსაც მე ვხვდები, ძირითადად სკვერებს, ბაღებს ითხოვს. ასევე ითხოვენ საცურაო აუზებს სკოლებში, სპორტულ დარბაზებს.


სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესი პრიორიტეტი უნდა იყოს და რაც შეიძლება სწრაფად არის ეს პრობლემები გადასაწყვეტი. პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება სწორედ ამის გამო მივიღე, რადგან შორიდან ყველა ამ პრობლემის გადაჭრას ვერ შევძლებდი.


მე წარმოვადგინე ფეხბურთის განვითარების გეგმა და არა მარტო ფეხბურთის, აქ საუბარია მასობრიობაზე. რათა ყველა ბავშვმა შეძლოს ჯანსაღად ცხოვრება, ვფიქრობ, სპორტი საქართველოში უფასო უნდა იყოს. პირველ ეტაპზე მაინც და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან ერთად ფასი სიმბოლური უნდა გახდეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner