logo_geo
eng_logo
დავით ნარმანია: სამაშველო სამსახური ოპერატიულად მუშაობს, მდგომარეობა სტაბილურია
- +

23 სექტემბერი. 2016. 18:33



ქალაქის მერი დავით ნარმანია ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში სატელეფონო ჩართვაში ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქალაქში მდგომარეობა სტაბილურია. სანიაღვრე სისტემა შეძლებისდაგვარად ატარებს წვიმის წყალს და აღნიშნავს, რომ ყველაზე რთული სიტუაცია უნივერსიტეტის ქუჩაზე, დელისის მიმდებარე ტერიტორიასა და მარჯვენა სანაპიროს ერთი ნაწილზეა.


„ამ დროისთვის წვიმამ ცოტა გადაიღო და მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა არსად არ გვაქვს, თუმცა ცალკეულ საგზაო მონაკვეთებზე და ცალკეულ ტერიტორიებზე არის მომატებული წყლის დონე, თუმცა, სანიაღვრე სისტემა შეძლებისდაგვარად ატარებს წყალს. ყველაზე მთავარი დატბორვა ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არის უნივერსიტეტის ქუჩა, დელისის მიმდებარე ტერიტორია, მარჯვენა სანაპიროს ერთი ნაწილი. არის ასევე გუდამაყრის ქუჩა ნაძალადევის რაიონში, სადაც, ასე ვთქვათ ჩამორეცხვა მოხდა ზემოდან. დიღმის ტერიტორიაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს დაეცა მეხი, თუმცა ზარალი არ არის. ეტაპობრივად ხდება უკვე წყლის გაწოვა. გამომდინარე იქიდან, რომ წყლის დონე შედარებით დაბალია, ხელს უწყობს, რომ სანიაღვრე სისტემიდან წყლის გადინება უფრო სწრაფ რეჟიმში მოხდეს. ჩვენი ყველა სამსახური მობილიზებულია, ისევე როგორც „თბილსერვისი", ასევე გამგეობის რაიონული ჯგუფები, რომლებიც ადგილზე გადიან. სამაშველო სამსახური მუშაობს ოპერატიულად და ვართ მათთან კოორდინაციაში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


ნარმანიას ჭონქაძის ქუჩაზე მიწის მასის შესაძლო ჩამოშლის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ამბობს, რომ აუცილებლად გადაამოწმებს.

 

„ჯერჯერობით კონკრეტულად ამ ნაწილთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა შესაძლოა იყოს ასეთი ფაქტი. ამას აუცილებლად გადავამოწმებ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.


შეგახსენებთ, რომ დღეს ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქის რამდენიმე უბანი დაიტბორა. სამაშველო სამსახურები ოპერატიულად მუშაობენ და ამ ეტაპზე სიტუაცია სტაბილურია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner