logo_geo
eng_logo
თბილისში, იუსტუს ფრანცი კონცერტს გამართავს
- +

23 სექტემბერი. 2016. 20:28



თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე,  27 სექტემბერს, 19 საათზე  პირველად საქართველოში - იუსტუს ფრანცი და მისი საერთაშორისო სიმფონიური ორკესტრი "ერთა ფილარმონია" გამართავს კონცერტს.


ასოციაცია "კულტურათა დიალოგი XXI"-ის თაოსნობით 27 სექტემბერს 19 საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენაზე საქართველოში პირველად გამართავს კონცერტს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული საერთაშორისო სიმფონიური ორკესტრი "ერთა ფილარმონია" (მსოფლიო მშვიდობის ორკესტრი) მისი დამფუძნებლის, გამოჩენილი მუსიკოსის იუსტუს ფრანცის დირიჟორობით. კონცერტის პროგრამაშია  ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეშვიდე სიმფონია, ყარა ყარაევის მესამე საფორტეპიანო კონცერტი, რომელშიც იუსტუს ფრანცი სოლისტის ამპლუაშიც წარსდგება.


"მეგობრობით ერთად შევქმნათ მუსიკა" - ლეონარდ ბერნსტაინის ლაკონურად გამოთქმულმა ხედვამ მუსიკის რაობისა, ერების, ხალხების გაერთიანების საქმეში, შთააგონა ცნობილი მუსიკოსი - დირიჟორი და პიანისტი იუსტუს ფრანცი 1995 წელს შეექმნა "ერთა ფილარმონია" - საერთაშორისო, ინტერნაციონალური პროფესიული ორკესტრი. მას შემდეგ, ორი ათეული წლის მანილზე გერმანიაში მოღვაწეობამ და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართულმა საგასტროლო ტურნეებმა "ერთა ფილარმონია" ჰუმანიზმის მშვიდობიანი მშენებლობის ბგერითი, ჟღერადი მშვენიერების სიმბოლოდ აქცია.


მრავალი ეროვნების მუსიკოსი წელიწადში რამდენჯერმე იკრიბება ინტენსიური შემოქმედებითი მუშაობისა და მუსიკალური ტურნეების განსახორციელებლად. სერბი, სლოვენი, ებრაელი, ჩინელი, ფრანგი, რუსი, უკრაინელი, გერმანელი, ქართველი, რუმინელი, უნგრელი, პოლონელი, ბელარუსი, ბულგარელი მუსიკოსები ერთობლივად ქმნიან მუსიკას. მათი მშვიდობიანი თანაარსებობის საიდუმლო კი, თავად მუსიკაა - მათი გამაერთიანებელი საერთო ენა. იუსტუს ფრანცმა დიდი წარმატებით შექმნა სამაგალითო და სიმბოლური ანსამბლი მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერი მუსიკოსებისგან. ამის დასტურს კი ათას სამასზე მეტი კონცერტის გარდა, ათეულობით გამოცემული კომპაქტ-დისკიც წარმოადგენს.


ორკესტრ "ერთა ფილარმონიის" კოლოსალურ შემოქმედებით ბიოგრაფიაში, არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და გამორჩეულად სიმბოლური ღონისძიებები, აი ზოგიერთი მათგანი: 1996 წელს ორკესტრი მთავარი შემოქმედებითი სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის რომან ჰერცოგის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის კულტურულ ნაწილში; 1998 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის კოფი ანანის მიწვევით "ერთა ფილარმონიამ" კონცერტი გამართა ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის ჰოლში; 2000 წელს გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის იოჰანეს რაუს მიწვევით ორკესტრმა კონცერტი გამართა ბერლინში, რაიხსტაგის თაღის ქვეშ; 2001 წელს რომის პაპის იოანე პავლე II-ის მიწვევით "ერთა ფილარმონიამ" კონცერტი გამართა პაპის საზაფხულო რეზიდენციაში; 2003 წელს ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიის ხელნაწერისთვის მსოფლიო დოკუმენტური მემკვიდრეობის ინდექსის "მსოფლიო მეხსიერების" მინიჭებასთან დაკავშირებულ საზეიმო კონცერტზე ბერლინის საკონცერტო დარბაზში ეს სიმფონია იუსტუს ფრანცის დირიჟორობით სწორედ "ერთა ფილარმონიამ" ააჟღერა; 2004 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ტაბო მბეკის მიწვევით აპარტეიდის დასრულების 10 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტზე "ერთა ფილარმონია" მსმენელთა წინაშე წარსდგა კავა ზულუ ნატალ ფილარმონიულ ორკესტრთან და სამხრეთ აფრიკის გუნდთან ერთად; 2006 წლის ოქტომბერში "მონბლანის მეგობრობის ტურნეს" ფარგლებში ორკესტრმა კონცერტები გამართა პეკინსა და შანხაიში; 2015 წლის ოქტომბერში "ერთა ფილარმონიისა" და ისრაელის სინფონიეტას ერთობლივი მუსიცირებით რვა კონცერტი გაიმართა გერმანიასა და ისრაელში; ამავე წელს ვატიკანის საეკლესიო მუსიკის ფესტივალზე რომში ამ ორკესტრებმა ერთობლივად შეასრულეს გუსტავ მალერის მეორე სიმფონია "აღდგომა".


წლევანდელ 2016 წელს იუსტუს ფრანცი და "ერთა ფილარმონია" 15 საქველმოქმედო კონცერტით შეეგება სირიელ დევნილთა დახმარებისა და განათლების ხელშეწყობის დაფინანსების მიზნით.


"ერთა ფილარმონია" იუსტუს ფრანცის ხელდასხმით დიდი წარმატებით უწევს პოპულარიზაციას კლასიკური მუსიკის გლობალურ მემკვიდრეობას და ქმედითად ემსახურება მშვიდობის დამყარებას მთელს მსოფლიოში.


ასოციაცია "კულტურათა დიალოგი XXI"-სთან ერთად კონცერტის მხარდამჭერები არიან: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრი "მუზა", კომპანია "VIPR" (ტრენინგისა და ღონისძიებათა მართვის საკონსულტაციო ცენტრი).


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner