„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რეპუტაცია 6 თვის განმავლობაში შექმნილმა მდგომარეობამ შეულახა", - ამის შესახებ თსუ-ს რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ გადაცემა 2030-ში ისაუბრა.
შარვაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა წყნარ გარემოში მუშაობა. როგორც შარვაშიძემ განაცხადა, უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაცია მხარე არასოდეს იქნება და ყველა სტუდენტს თანაბარი პირობები უნდა ჰქონდეს.
„მოხდა ყველა ინსტიტუციის დელეგიტიმაცია, რომელიც უნივერსიტეტში არსებობდა - დათხოვნილ იქნა აკადემიური საბჭო, გამოცხადდა ახალი არჩევნები და ასე შემდეგ. ვფიქრობთ, ახლა დაბალანსების დრო მოვიდა. საჭიროა, წყნარ გარემოში გადავიდეთ მუშაობაზე, რომელიც საუნივერსიტეტო პროცესისთვის აუცილებელია. ეს მოგვცემს საშუალებას, ახალი სასწავლო წელი ახალი გეგმებით, ახალი იდეებით გავაგრძელოთ. უნივერსიტეტი იყო, არის და იქნება სამეცნიერო ცენტრი არა მარტო საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით.
„აუდიტორია 115"-ის წევრების პროტესტსზე მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება მქონდეს - მათ ვთავაზობ, ჩვენი ურთიერთობა დიალოგის რეჟიმში გადავიყვანოთ. თუმცაღა, მათთან შეხვედრა მქონდა და შეხვედრებს კვლავ განვაგრძობთ. უნივერსიტეტის რექტორი და ადმინისტრაცია მხარე არასოდეს არ იქნება. ჩვენი პრინციპია, ყველა სტუდენტს თანაბარი პირობები და უნივერსიტეტში არსებულ სიკეთეებზე თანაბარი წვდომა ჰქონდეს", - განაცხადა შარვაშიძემ.
შარვაშიძემ ასევე თვითმმართველობის ძირეული რეფორმის აუცილებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სერიოზული რეორგანიზაციაა საჭირო.
„საკითხის ასე დასმა, რომ თვითმმართველობა უნდა გავაუქმოთ, არ მესმის. მე თუ პარლამენტი არ მომწონს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პარლამენტარიზმი უნდა გაუქმდეს. ამ შემთხვევაში ახალი შემადგენლობა უნდა ავირჩიოთ, ან სხვა წესები შემოვიღოთ. იგივეა თვითმმართველობის შემთხვევაშიც. არსებულ პრობლემებს თვითმმართველობის წევრებიც კარგად აცნობიერებენ და მზად არიან, რეფორმის პროცესში მონაწილეობა მიიღონ. სიტუაცია, ცოტათი ღია კარის მტვრევას ემსგავსება. ცვლილება ყველას უნდა, მაგრამ არის პარტიკულარული ინტერესები - ჩვენ ვაჯობებთ თუ ისინი. ხდება გაუთავებელი პოლარიზაცია, რასაც სხვათა შორის, ხელს უფროსებიც უწყობენ", - განაცხადა შარვაშიძემ.
შარვაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ ძალიან ხშირად, პოლიტიკოსები საუნივერსიტეტო სივრცეში ხელს აფათურებენ და საჭიროა პროცესების დეპოლიტიზაცია.
„სტუდენტური მოძრაობა ყველას მოსწონს, რადგან ეს არის ლაღი ძალა, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, პოლიტიკოსები საუნივერსიტეტო სივრცეში ხელს აფათურებენ. საჭიროა პროცესების დეპოლიტიზაცია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სტუდენტი და პროფესორი არ შეიძლება, ამა თუ იმ პარტიის წევრი იყოს, მაგრამ ეს საუნივერსიტეტო სივრცეში არ უნდა შემოვიდეს. ჩვენ ყველას ღია თამაშის წესებს ვთავაზობთ და ვამბობთ, რომ მმართველობაში მონაწილეობა ყველამ უნდა მიიღოს. არ შეიძლება, გადაწყვეტილების მიღების უფლება მარტო რექტორს ან მარტო კანცლერს ჰქონდეს. უნივერსიტეტის მუშაობა დიდწილადაა დამოკიდებული იმ სტუდენტებზე, რომლებიც ახლა სხვადასხვა ბანაკებში არიან", - განაცხადა შარვაშიძემ.